“ნაცმოძრაობამ” და გახარიას პარტიამ ხელი მოაწერეს და ამბობენ, არ ვართ ცოლ-ქმარიო”

ხელი მოაწერა ცოლ-ქმარმა და ამბობენ, არ ვართ ცოლ-ქმარიო – ძალიან კარგ უნისონში თანამშრომლობენ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა მორიგი „კლოუნადა“ ვიხილოთ.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთად ყოფნა კოალიციაში, მანამდეც ფაქტი იყო.

„ჩვენ კი არ ვფიქრობთ, ფაქტი დავადასტურეთ, საზოგადოებას ვუთხარი, რომ ეს არის მოცემულობა – ხელი მოაწერა ცოლ-ქმარმა და ამბობენ, რომ არ ვართ ცოლ-ქმარიო. ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომ ხელი მოწერილია. ამტკიცონ, რომ არ ვართ, ეს მათი საქმეა, ჩვენი ინტერესის სფერო ეს არ არის. რასაც ვამბობთ, სამწუხაროდ უფრო და უფრო მაღალი ხარისხით მტკიცდება, ძალიან კარგ უნისონში თანამშრომლობენ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო ცხადი, მაგრამ ნელ-ნელა, ეტაპობრივად გვიადვილებენ ამის მტკიცების შესაძლებლობას.

შეიძლება მორიგი „კლოუნადა“ ვიხილოთ. ეს ორგანიზაცია ბუნებით არის ასეთი და ამ ორგანიზაციასთან ნებისმიერ ფორმატში, რომ იქნები კოალიციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მიზნები ჰქონდათ ადრე და დღეს ეს უკვე არის გამოხატული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share