ეუთო-ს მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ქვეყნის მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განცხადებაში ნათქვამია, რომ მეგობართა ჯგუფი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, სრული პატივისცემის საფუძველზე.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი მკაფიო ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე ვალდებულება უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ ”პროგრამის” დამტკიცებას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯს.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციისა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მხრიდან მომდინარე პროვოკაციებით, რომლებიც COVID-19 პანდემიის ფონზეც კვლავინდებურად გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share