კომპანია ვისოლის გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, უახლოეს პერიოდში საწვავის ფასი შესაძლოა, 20-25 თეთრით გაძვირდეს. BMG-ს ეთერში ხორავამ განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისიდან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, საქართველოში ლარის გამყარების ტრენდი კი ვერ აბალანსებს გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასებს.
ხორავას განმარტებით, ის, რომ ფასი ამ დრომდე არ გაზრდილა დეკემბრის მარაგების დამსახურებაა.
“ასეთი ზრდა, განსაკუთრებით იანვრის პერიოდში, როდესაც იანვარი ხასიათდება არააქტიური პერიოდით, ძალიან გამოკვეთილია. დღეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს არსებული დეკემბრის მარაგები, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასები. თუმცა ეს მარაგები არ არის ულევი, დროის რაღაც მონაკვეთში ამოიწურება. საერთაშორისო ბაზარზე ასეთი ფასის პირობებში ბაზარი გარდაუვალი გადაწყვეტილების წინაშე დადგება. ანუ ჩვენთვის ფასის მომატება გარდაუვალი იქნება, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს, თუმცა დღესდღეობით ფასის სტაბილურობას ვინარჩუნებთ”, – ამბობს ხორავა.
მისივე თქმით, არსებული რეალიზაციის პირობებში, ალბათ, თებერვლის შუა რიცხვებში, ფასების ზრდა უკვე გარდაუვალი იქნება.
“მიუხედავად იმისა, რომ ლარი სტაბილურია, ეს არ არის ის ნიშნული, რომელიც აბალანსებს გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასებს. ეს ხელს უწყობს, ამცირებს ზრდის ტრენდს, მაგრამ ზრდის ტრენდი საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით მეტია, ვიდრე ლარის გამყარების ტრენდი. […]
ეს არითმეტიკაა და აქ კომპანია ვერაფერს გააკეთებს. 100-150 დოლარით ფასის ზრდა ეს მინიმუმ 20-25 თეთრიანი სხვაობაა ლიტრზე, რომელიც გაიზრდება. თუმცა ეს ერთ დღეში არ მოხდება, ეს იქნება ეტაპობრივად”, – ამბობს ხორავა.