„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ბარიერგადალახული პარტიები იმ ძალებს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ.
კერძოდ, შეხვედრაზე განიხილება მოთხოვნები, რომლებიც გუშინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება.
„ჩვენთვის აუცილებელია, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს ძალიან მტკიცე. პოზიციების გაცვლა-გამოცვლას რაც შეეხება, ჩვენ აქამდეც მუდმივი კოორდინაცია გვქონდა სხვა პარტიებთან. განსაკუთრებული საკითხების განხილვა დღეს არ იგეგმება“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ კონსენსუსი მოიძებნა და ყველა ბარიერგადალახული პარტია შეჯერდა ერთ პოზიციაზე.
„მოთხოვნები მოიცავს სამ მიმართულებას: არჩევნების საკითხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და კოდექსი და პატიმრების თემა. რა თქმა უნდა, უფრო ჩაშლილია ყველაფერი პუნქტობრივად და ამაზე უკვე მოლაპარაკება შეიძლება“, – აცხადებს ჩიხლაძე.
„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია ამდენი ხანი ესაუბრება ხელისუფლებას, ეს ძალიან დიდი კომპრომისია, ვინაიდან 31 ოქტომბერს ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი.
„ოპოზიციის მოთხოვნები კომპრომისულად მიმაჩნია, ვინაიდან მე უფრო მკვეთრი პოზიცია მქონდა. მაგალითად, საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები. პროცედურულად, როდესაც კანონი ირღვევა და არჩევნები ყალბდება, ამ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მესმის, რომ აუცილებელი იყო კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებს ბურჯანაძე.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.