რიგგარეშე არჩევნები მიუღებელია- ვოლსკი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მიუღებელია.

როგორც ვოლსკი ამბობს, ქართულ ოცნებაში შესაძლოა ყველა სხვა საკითხზე იმსჯელონ, თუმცა ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით “ყველანაირი ფორმით მიუღებელია”.

“წერილობით იქნება ეს წინადადება თუ არ იქნება წერილობით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია.

შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც ეხება არჩევნებს სტაბილურობას, კოვიდსიტუაციის და ამის კავშირს იმ ვითარებასთან, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ქმნიან, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შეიძლება დავაფიქსიროთ, მაგრამ მთავარი თემა, რაც არის რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით, არის მიუღებელი არათუ ჩვენთვის, მიუღებელია იმ ვითარებისთვისაც, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარშემო მსოფლიოშია შექმნილი”,-ამბობს ვოლკსი.

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. ოპოზიცია ასევე ითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით მიმდინარეობს. ჩატარდა შეხვედრის 2 რაუნდი.

გუშინ, 4 დეკემბერს კი ფასილიტატორ დიპლომატებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე ოპოზიციამ საკუთარი პოზიცია დოკუმენტური ფორმით წარადგინეს. ფასილიტატორები დოკუმენტს მმართველ გუნდს წარუდგენენ. ოპოზიცია მათი მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტურ პასუხს ელის.

ზოგიერთი ოპოზიციონერის ცნობით, წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share