„სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი და „გადადგეს ჟვანია” პოლიტიკური შეთანხმების საგნად რომ დააყენო, ეს მხოლოდ „ნაცს” მოუვა თავში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.
მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან არის ისეთი მოთხოვნები, რა დათმობაზეც დიქტატორებიც კი არ წავლენ, თუმცა, მდინარაძის თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე ისეთი საკითხებიც დევს, რაზეც შესაძლებელია კომპრომისი მოიძებნოს.
„სპეციალურად გამოაგდეს ეს სამი საკითხი, რაზეც, სულ რომ გინდოდეს, შეუძლებელია საუბარი. ეგეთ სიბრიყვეზე არცერთი ქვეყნის ხელისუფალი არ წამოვა, მართლა დიქტატორები არ წავლენ ამაზე, იმათაც ეყოფათ ჭკუა – დიქტატორობა ზედმეტად არ დამაბრალონო. როგორ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში ილაპარაკო, რას გააკეთებს ჟვანია, რას გააკეთებს სასამართლო, ეს ჩადო პოლიტიკურ შეთანხმებაში.
სპეციალურად გამოაგდეს ის პუნქტები, რომელიც კიდევ უფრო დააშორებს პოზიციებს ერთმანეთს. რეალურად, ასეც არ არის მთლად საქმე. იქ არის მაგიდაზე ისეთი საკითხები, რაზეც შეიძლება, კომპრომისი მოიძებნოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.