რაც მინისტრთა კაბინეტში ხდება, უბრალოდ იმიტაციაა, თითქოს ცვლილებები მიმდინარეობს – ნათია მეზვირშვილი

რაც ახლა მინისტრთა კაბინეტში ხდება, არის უბრალოდ იმიტაცია თითქოს და ცვლილებების, ამის უკან არ დგას არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ გააჩნია.

„ეს არ არის მხოლოდ ღარიბაშვილისთვის დამახასიათებელი, ეს ძალიან ბევრ ადამიანს ახასიათებს „ოცნებაში”, რაც არ ახასიათებდა მაგალითად, გახარიას და ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს – რაღაც ფობიები და ადამიანების შერჩევა ნდობასთან დაკავშირებული კრიტერიუმებით და არა პროფესიონალიზმის. ის, რაც ახლა მინისტრთა კაბინეტში ხდება, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ იმიტაცია თითქოს და ცვლილებების. ისეთივე იმიტაცია, როგორც მაგალითად სასამართლო რეფორმის მიმართულებით, თითქოს და რეფორმის გაგრძელების იმიტაცია, პარლამენტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამჯერ შეცვლილი თავმჯდომარე. ახსნებს როგორც წესი ვერ ვისმენთ. ამის უკან არ დგას არაფერი, ეს არის შენიღბვა იმის, რომ თითქოს რაღაც პროცესები მთავრობაში მიმდინარეობს, თითქოს რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს და ხვალიდან რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. ამას აქვს ფორმალური დატვირთვა.

არა არის ღარიბაშვილი ის ადამიანი, რომელსაც ყოფნის შესაბამისი კომპეტენცია და გამბედაობა იმისა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებები, მიიღოს. „ოცნებაში” ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გააჩნია – მართვის კომპეტენცია, პრემიერ-მინისტრობის კომპეტენცია, კოვიდის მართვის კომპეტენცია, უწყებათა შორისი საბჭოს ხელმძღვანელობის კომპეტენცია, არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე ჯერ კიდევ მაღალია”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share