„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის თქმით, საპარლამენტო კომიტეტები, სადაც ის მუშაობს, არის ძალიან ეფექტური და იქ მყოფი ოპოზიციონერები, ბევრ კარგ და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ. ეს განცხადება ვაშაძემ გადაცემა ,,რეაქციაში“ გააკეთა.
პოლიტიკოსის თქმით, მას ძალიან უნდა კარგად გაერკვეს კულტურის სფეროში ამჟამად მიმდინარე პროცესებში და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„პირდაპირი რეპორტაჟი მიდის ხოლმე მაგალითად, კულტურის კომიტეტის განხილვებიდან და ძალიან გთხოვთ, გამჭრიახი ჭკუით, არწივის თვალით მოუსმინეთ და ნახავთ, რა თემებზე მუშაობს ეს კომიტეტი. როდესაც დღევანდელ აღტკინებას ვუსმენ ხოლმე, მახსენდება განსვენებული ნიკა რურუა და მესტიის მუზეუმის რემონტი, ხომ გახსოვთ, რაში გვდებდნენ ბრალს, რომ სვანური ოქრო უნდა გაიყიდოს საზღვარგარეთ და ეს რემონტი მხოლოდ და მხოლოდ საბაბია. დღეს არის ეს მუზეუმი გაშანშალებული თავისი ექსპონატებით და ტურისტების შემოსევა არის იქ. დაწყნარება არის საჭირო. მინდა და მივაღწევ, რომ დავჯდე, გავერკვიო იმ საკითხებში, რაც არის კულტურის გარშემო. მე კულტურის მინისტრი ვიყავი ხუთი კვირა და გახსოვთ, ორი მტკივნეული საკითხი დავხურე ორ დღეში – მწერალთა სახლი და კომპოზიტორების სახლი“, – განაცხადა ვაშაძემ.