ლანჩხუთის „გურიას“ (მაშინ „კოლმეურნეს“ სახელით გამოდიოდა) ყოფილი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი 84 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერა სწორედ ლანჩხუთიდან დაიწყო… მეცხრეკლასელი ბიჭი, ოჯახური პირობების გამო, სოფელ ჩიბათში დეიდასთან გადმოვიდა საცხოვრებლად.
ერთხელ სოფლის გუნდს რაიონის პირველობაზე თამაში ჰქონდა და ფეხბურთელი აკლდა. ლანჩხუთის „კოლმეურნეს“ გოლკიპერმა, ჩიბათის მკვიდრმა ლერი ლომაძემ სკოლაში შეიარა, ეზოში მობურთალი ბიჭები დაინახა და მათ შორის ილია გამოარჩია. სთხოვა, სოფლის პრესტიჟი, სუფსის წინააღმდეგ დაეცვა. ის შეხვედრა ჩიბათმა 3:1 მოიგო, ხოლო ერთი გოლი ილიამ გაიტანა და კარგი თამაში აჩვენა. მეორე დღეს ლერი ლომაძემ ნიჭიერ გარემარბს მწვრთნელ ლადო ნარიმანიძესთან გაუწია რეკომენდაცია და დათუნაშვილი რაიონის მთავარ გუნდში აიყვანეს. ეს იყო 1954 წელი.
სამი სეზონი გაატარა ილიამ ლანჩხუთის „კოლმეურნეში“. მის ერთ-ერთ თამაშს ანდრო ჟორდანია დაესწრო, მოეწონა და ლევან ჟორდანია გამოუშვა პერსპექტიული მოთამაშის წასაყვანად, ისე, რომ ეს ამბავი ევგრაფ შევარდნაძეს არ უნდა გაეგო. ლევანმა ანდროს დავალებას მშვენივრად გაართვა თავი. ასე აღმოჩნდა ილია დათუნაშვილი 1958 წელს ქუთაისის „ლოკომოტივში“. ილია დაძაბული ელოდა ბატონი ევგრაფის რეაქციას. რამდენიმე დღეში ლანჩხუთის ფეხბურთის მოამაგე, თავად ჩავიდა ქუთაისში, გაბრაზების ნაცვლად იმედისმომცემი ახალგაზრდა გაამხნევა, მამაშვილურად დაარიგა და ახალ, ვრცელ სარბიელზე წარმატება უსურვა.
1959 წელს, როცა ანდრო ჟორდანია თბილისის „დინამოს მთავარ მწვრთნელად გადავიდა, თან ილია დათუნაშვილიც წაიყვანა. ამ დროიდან მოირგო ილია დათუნაშვილმა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდის მაისური და ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. საბჭოთა კავშირის 1964 წლის ჩემპიონი და ორგზის (1962, 1967) ბრინჯაოს პრიზიორი, დღემდე რჩება თავისებური რეკორდის მფლობელად – ერთ ტაიმში, 27 წუთის განმავლობაში ხუთჯერ აიღო ერევნის „არარატის კარი.
სულ საკავშირო პირველობის 199 მატჩი ჩაატარა „დინამოს“ შემადგენლობაში, გაიტანა 47 გოლი. ითამაშა თასის 12 (3 გოლი) და 38 საერთაშორისო შეხვედრა (10 გოლი). 1966 წელს 32 კალენდარული თამაშიდან მოწინააღმდეგის კარში გაიტანა 20 გოლი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1964 და 1967 წლებში კი 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელეს.
წყარო : “გურია თუდეი”