როგორც ირკვევა, კომპანიამ პატიმრების კვებაზე გაფორმებული ხელშეკრულება 29-ჯერ დაარღვია, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა მას კონტრაქტი მაინც არ გაუწყვიტა. კომპანიის მფლობელი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი იაშა ჩაჩუაა. მასსა და მის უახლოეს პარტნიორებს მმართველი პარტიისთვის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ჯამში 245 ათასი ლარი აქვთ გადარიცხული.
“ლობიოში ქვები და მატლებია, სოსისი და კატლეტი არ იჭმევა, პური მეორე დღეს ობდება. გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ რას გვაჭმევენ” – ეს საყვედურის წერილიც ილი ჯგუფს ეკუთვნის. ამასთან, ილი ჯგუფს სხვადასხვა ტენდერების გზით სახელმწიფოსგან ათობით მილიონი ლარი აქვს მიღებული.
პენიტენციურ სამსახურსა და ილი ჯგუფს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 73 მილიონი ლარს მოიცავს.
ირკვევა, რომ მსჯავრდებულების და ბრალდებულების გამოსაკვებად დღეში 6 ლარი იხარჯება, ხოლო. ესკორტირების თანამშრომლების გამოსაკვებათ 15 ლარია გათვლილი.
შაბათის ფორმულას კამერასთან კვების ხარისხზე საუბარს ერიდებიან პატიმრების ახლობლებიც და ადვოკატებიც. თუმცა, პირად საუბარში ამბობენ, რომ ხშირად მსჯავრდებულებს გამოსაკვებად ციხეში არსებულ მაღაზიაში საკუთარი ფულის ხარჯვა უწევთ ან ახლობლების მიერ მიტანილი საკვებით დაკმაყოფილება.
ილი ჯგუფს სახელმწიფოსგან დაახლოებით 123 მილიონი ლარის სახელმწიფო შეკვეთა აქვს მიღებული. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც რუსთავში საკვებით უფასო სასადილოებს ამარაგებს. გარდა იმისა, რომ ტენდერის არაკეთილსინდისიერად მოგებაში ილი ჯგუფს რუსთავში მისი კონკურენტი ადანაშაულებს. ბოლო პერიოდში, უფასო სასადილოების ბენეფიციარები კვების ხარისხით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. რუსთავის მერიაში უფასო სასადილოებით მოსარგებლე რამდენიმე ადამიანის განცხადებაა შესული, სადაც სოციალურად დაუცველები ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას თხოვენ.
მიუხედავად მცდელობისა შაბათის ფორმულას პასუხები არც შპს ილი ჯგუფისგან მიუღია და არც სახელმწიფო პენიტენციური სამსახურისგან. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ შუა კვირაში გაავრცელა განცხადება, რომ კომპანიას გასაჩივრებული აქვს თითოეული დაკისრებული ჯარიმა და “სპეციალური პენიტენციური სამსახური სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს“.