ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა პრაქტიკულად არ მუშაობს, ამიტომ მწვანე პასპორტს აღარ ჰქონდა აზრი – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კოვიდ-პასპორტების გამოყენებამ აზრი დაკარგა, ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ მისი გაუქმება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, შესწავლილია ევროპული პრაქტიკაც და ამის გათვალისწინებით იქნა მიღებული ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმების გადაწყვეტილება.

„ჩვენ აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. ძალიან მარტივია – აზრი დაკარგა „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ვაქცინაციის წახალისება, „დელტა“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი გვქონდა, ხოლო ომიკრონის შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.

მე ვარ მაგალითი: გასულ წელს მქონდა სხვა შტამი, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერით“ და ომიკრონი მაინც დამემართა. ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს ეს ვირუსი, იმაზე უფრო მსუბუქად, ვიდრე სხვა ბევრი სახის ვირუსი. მე მქონია სხვა ვირუსიც, რომელიც 4-5-ჯერ უფრო რთულად გადამიტანია. აზრი დაკარგა მწვანე ბარათის გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მისი გაუქმება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეორე მხრივ, პრემიერმა ისაუბრა ვაქცინაციის წახალისებაზე, განსაკუთრებით პენსიონერებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.

„ვახალისებთ ვაქცინაციას, 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების აცრა დაზღვევის და პრევენციის მიზნით არის საჭირო, რომ არ გაურთულდეთ ეს ვირუსი. სხვა დანარჩენი არის სრული კონტროლის ქვეშ. ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ, მაქსიმალურად გახსნეს ყველაფერი. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გავაკონტოლოთ სიტუაცია და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. ვაქცინაციის კამპანია უნდა გაფართოვდეს. რეგიონებში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და ამ ჯგუფებზე უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა“, – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ: საქართველოში კოვიდ-პასპორტების გამოყენება 2021 წლის 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 2022 წლის იანვარში გაუქმდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share