ხვალ, 15 თებერვალს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ხვალ, 15 თებერვალს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

“მეგობრებო! შევიკრიბოთ უკრაინის დამოუკიდებლობის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისაგან თავისუფალი სამყაროს მხარდასაჭერად. გთხოვთ გაიკეთეთ 2-2 პირბადე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის. აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.

აშშ-მა რამდენჯერმე მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ქვეყანა დატოვონ. მსგავსი მოწოდება გააკეთა არაერთმა ქვეყანამ.

12 თებერვალს AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.

თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.

РИА Новости-მ 12 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share