ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათიდან კოლხეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიაზე მდინარე პიჩორამდე გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტის ფარგლებში მოხდება კოლხეთის ეროვნულ პარკამდე მისასვლელი 10 კილომეტრიანი, სრულად ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია. მოეწყობა სანიაღვრე არხები და სხვა დამხმარე ნაგებობები. მდინარე პიჩორის ნაპირზე მოეწყობა სველი წერტილი, ასევე საპიკნიკე და საპარკინგე ადგილები, შეიქმნება ლოკაციები სპორტული, თევზჭერისათვის, ადგილობრივი ნაწარმის გასაყიდად.
კოლხეთის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიების ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ძირითადი ნაწილი მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე . ერთ-ერთი მთავარი მარშუტი კი შეიძლება იყოს, ტური მდინარე პიჩორზე ე.წ. კოლხეთის ჯუნგელბში.
აღნიშნულის შესახებ ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ისაუბრა:
“პროექტი მოიცავს დაახლოებით 9 კილომეტრიანი გზის მშენებლობას, მისი ღირებულება შეადგენს მილიონ 600 ათას ლარს, რომელიც სახელმწიფოსა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. ეს არის საპილოტე რეგიონებში განსახირციელებელი პროგრამა. პროექტი მოიცავს, როგორც გზის მშენებლობას, ასევე კონკრეტულ ლოკაციაზე საპიკნიკე და სველი წერტილების მოწყობას. ასევე მდინარე პიჩორზე თევზსაჭერი ადგილის მოწყობას. ყველაზე ხელსაყრელი გზა, საიდანაც კოლხეთის ეროვნულ პარკამდე მისვლა შეიძლება , არის გზა სოფელ ჩიბათიდან. ეს ყველაფერი გაზრდის ტურისტების რაოდენობას. 2022 წლის შემოდგომაზე პროექტი დასრულებული იქნება. ასევე სოფელ ორაგვეში მოწესრიგდება გზა და მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები.” – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა