ორ ღილაკს შორის 20 მილიმეტრია, სწორად გავლაა მნიშვნელოვანი – უსუფაშვილის მიმართვა “ოცნებას”

დეპუტატი დავით უსუფაშვილი “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა და კოლეგებს მოუწოდა, სწორად გაიარონ ის 20 მილიმეტრიანი დისტანცია, რაც ხმის მიცემის დროს ღილაკებს შორისაა.

მისი თქმით, 3 წელი “ლელოს” ლიდერებს პროკურატურა არარსებულ დანაშაულს ედავებოდა და ახლა “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პოლიტიკური “ფეიკ მართლმსაჯულება” უნდა აღასრულონ.

“ნუ ამოვეფარებით ვინმეს ზურგს, რომ მე ეს არ ვიცოდიო, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, და ამ ორ [ღილაკს შორის] რომელსაც დღეს ყველამ ხელი უნდა დავაჭიროთ დაახლოებით ოციოდე მილიმეტრია. ისევე როგორც ბოროტებასა და სიკეთეს შორის, სიმართლესა და ტყუილს შორის, სიბნელესა და სინათლეს შორის, 20 მილიმეტრია, 20  კილომეტრიანი დისტანცია არ არსებობს, ამ 20 მილიმეტრის სწორად გავლაა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვხედავ 20-ზე მეტ ადამიანს ამ დარბაზში უმრავლესობის მხრიდან, გიყურებთ და გხედავთ, ვიცი რომ იცით, რომ არასწორია ეს გადაწყვეტილება”, – თქვა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის 3 ოპოზიციონერი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას უყრის კენჭს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share