როგორც “გურიის მოამბეს” ცხემლისხიდიდან აცნობეს, ოზურგეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწე ცხემლისხიდში, ნუგზარ შაინიძე აღნიშნულ თანამდებობაზე მოზვერის სანაცვლოდ დაინიშნა. ადგილობრივების მტკიცებით, ამ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, ნუგზარ შაინიძემ ცხემლისხიდის საჯაროს სკოლის დირექტორს და “ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბის ლიდერს, ლალი სიჭინავას მოზვერი აჩუქა.
“გურიის მოამბე” ნუგზარ შაინიძეს შეხვდა და ესაუბრა. მან კატეგორიულად უარყო მომხდარი ფაქტი, თუმცა დაადასტურა , რომ ის ამ თანამდებობაზე ლალი სიჭინავას რეკომენდაციით დაინიშნა. მან ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში არ უარყო, რომ კარგი და ახლო ურთიერთობა აქვს ლალი სიჭინავასთან, ხოლო თანამდებობაზე იმის გამო დაინიშნა, რომ ის პატიოსანი ადამიანია და მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს.
რაც შეეხება მოზვერს, ლადო შაინიძე აცხადებს, რომ მას გასაჩუქებელი საქონელი არ ჰყავს და ამას მისი მტრები უგონებენ.
თავად ლალი სიჭინავა კატეგორიულად უარყოფს მომხდარს და ამბობს, რომ არანაირი რეკომენდაცია ნუგზარ შაინიძის დანიშვნაზე მას არ გაუცია.
ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ცხემლისხიდის გამგებლის მოადგილე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაცვლოდ დაინიშნა, სოფელში გავრცელდა. ამ ფაქტს “გურიის მოამბესთან” საუბარში ადგილობრივები ადასტურებენ, თუმცა ოფიციალურად, ამ თემაზე საუბარს ყველა ერიდება.