“ქართული ოცნების” დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას, რატომ არ წავიდა ქართული დელეგაცია უკრაინის მხარდასაჭერად კიევში.
მხარდაჭერა მეზობელ და მეგობარ ქვეყანას საქართველომ თბილისიდან გამოუცხადა. ოფიციალური პირები უკრაინის საელჩოში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
“დანარჩენზე პარლამენტში გიპასუხობთ”, – უთხრა თალაკვაძემ ჟურნალისტებს და ტერიტორია დატოვა
საგარეო საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი ზიანდება, როცა დღეს კიევში ჩვენი მთავრობა მხარდასაჭერად არ დგას.
უკრაინა დღეს ერთიანობის დღეს აღნიშნავს. ღონისძიებების ოფიციალურმა ნაწილმა რადაში გადაინაცვლა, სადაც რამდენიმე ქვეყნის დელეგაციას ელოდებიან, მათ შორის ლიეტუვადან და ლატვიიდან.
მანამდე ათასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა, ოლიმპიურ სტადიონზე მათ 200-მეტრიანი დროშა რამდენიმე წრედ შემოარტყეს, ეროვნული ჰიმნი შესრულდა ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში. მთავრობის სახლთან გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმაც მიიღო.