უკრაინის საელჩოში დროშის აღმართვის ცერემონიალს ვიცე-სპიკერი დაესწრება – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინას ერთიანობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოში დროშის აღმართვის ცერემონიალს ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დაესწრება. ამის შესახებ მან დღეს, 16 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით 16 თებერვალი გამოცხადდა უკრაინის ერთიანობის დღედ და მინდა, უკრაინისთვის ამ მძიმე პერიოდში მივულოცო უკრაინელ ხალხს, ჩვენს დებს და ძმებს, უკრაინის ერთიანობის დღე. დღეს უკრაინის საელჩოში დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც დაესწრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. მინდა, მათ ვუსურვო მშვიდობა და ამ მძიმე პერიოდში მხნეობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამემამულეებს მიმართა და 16 თებერვალი ერთობის დღედ გამოაცხადა. ზელენსკის თქმით, უთხრეს, რომ 16 თებერვალს თავდასხმა იქნება, თუმცა უკრაინელები მას ერთობის დღედ აქცევენ.

„ჩვენ გვაშინებენ ომით და მათ დათქვეს შემოჭრის თარიღი. ეს პირველად არ ხდება, თუმცა ჩვენი სახელმწიფო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალი იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოვეცი. ამ დღეს ჩვენ აღვმართავთ სახელმწიფო დროშებს, რათა მსოფლიომ დაინახოს ჩვენი ერთობა“ ,- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო მიმართვაში.

დღესვე კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მოქალაქეების შეიკრიბნენ და უკრაიანის 200-მეტრიანი დროშა გაშალეს. სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშა ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ სახელმწიფო უწყებების წინაც გამოფინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share