ლანჩხუთში ათამდე საფლავი გაძარცვეს

ლანჩხუთში საფლავების ძარცვის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. სოფელ ლესაში ათამდე სასაფლაოა გაძარცვული. მომხდარი ფაქტის შესახებ “გურიის მოამბეს” სოფელში მერის წარმომადგენელმა, დავით ლომაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, დაახლოებით სამი დღის წინ სოფლის სასაფლაოზე გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა ათამდე საფლავი გაძარცვეს. საფლავებზე მოხსნილია ალუმინის ჭიშკრები და ღობეები. მომხდარი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმაც დაწერა:

“ჩემი სოფლის სასაფლაოზე ათამდე საფლავი გაძარცვეს რამდენიმე დღის წინ. ასევე გაძარცვულია ბებიაჩემის საფლავი (ალუმინის ღობე), რომელიც ყველასთვის საყვარელი ისტორიის მასწავლებელი იყო. მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანი, რომელიც პურს ვერ ყიდულობს, ათამდე საფლავს ძარცვავდეს. შესაბამისად ვინც ჩაიდინა (სავარაუდოდ ჯგუფმა) ორგანიზებულად მოქმედებდა. სამწუხაროდ არ მაქვს იმედი, რომ ეს სულმდაბალი, უღირსი ადამიანები შესაბამის სასჯელს მიიღებენ”-წერს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ლანჩხუთში ეს უკვე მესამე ფაქტია. რამდენიმე სოფელში ათეულობით საფლავია გაძარცვული. მათ შორისაა აგვისტოსა და აფხაზეთის ომის გმირების საფლავებიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share