მომავალი კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად გადაიარა პიკმა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირების ბოლო 2 დღის მონაცემები, რაც დაახლოებით 15 000- ს შეადგენს, ამ კუთხით იმედისმომცემია.
„დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი,“ – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში დაახლოებით 6000 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და ჰოსპიტალური სექტორი, ისევე როგორც ოჯახის ექიმების ქსელი მობილიზებული რჩება.
„ჰოსპიტალური სექტორი კვლავ მობილიზებულია, დაახლოებით, 6000 პაციენტია და კარგია, რომ მათი რაოდენობა არ იმატებს. ჰოსპიტალური სექტორი მართავს ამ ნაკადს, ამ ტალღის პირობებში ბევრად უფრო ნაკლები პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვიდრე ეს იყო მანამდე, რაც „ომიკრონის“ თვისებებით არის განპირობებული. ეს შტამი კვლავაც საყურადღებო რჩება ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე, ხანდაზმულებისთვის, ამდენად მათთვის ისევ მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ოჯახის ექიმის ყურადღება. ოჯახის ექიმების ქსელიც კვლავაც რჩება მობილიზებული,“ – განაცხადა გაბუნიამ.