გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარის მთავრობის სახლთან დროშები აღმართა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ე. წ. „თავისუფლების კვარტალში“ გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივით დროშების აღმართვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამერიკის, ევროკავშირისა და საქართველოს დროშების აღმართვა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე აცხადებს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში დიდი წვლილი აშშ-სა და ევროკავშირს მიუძღვის და მადლიერების ნიშნად ე. წ. “თავისუფლების კვარტალში დროშები აღმართეს.

„ვინც ყველაზე მეტად გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება იყოს, ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს, ბუნებრივია ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. სწორედ ამიტომაც დღეს მათი დროშები აღვმართეთ ჩვენ „თავისუფლების კვარტალში“.

ეს ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ჩვენს ქვეყანაში იყოს პოლიტიკური სტაბილურობა. მადლიერების ნიშნად, ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს მთელი ქვეყანა პატივს ვცემთ, აქ „თავისუფლების კვარტალში“ დროშა იფრიალებს”- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან ერთ თვეზე მეტია გაერთიანებული ოპოზიცია 24 საათიან რეჟიმში აქციებს მართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share