“არჩევნები დასრულდა და მას შემდეგ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩენილა და არ უკითხავს, თუ რა მდგომარეობაში ვართ. მიუხედავად იმ დაპირებებისა, რასაც ისინი არჩევნებამდე იძლეოდნენ, მერიიდან ერთი ადამიანიც კი არ მოსულა და არ უკითხავს, ისევ ქუჩაში რატომ ვართ დარჩენილები. ისიც კი არ იკადრეს, რომ შუქი გამოეყვანათ ჩვენთვის და აქ სიბნელეში არ ვმჯდარიყავით” – ამბობენ “გურიის მოამბესთან” ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრის წინ მდებარე ყვავილების ბაზრობაზე მოვაჭრე ქალბატონები.
დაახლოებით 12 ადამიანი, უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ვაჭრობს. მათ სახელდახელოდ აქვთ გადახურული ბაზრობა და ზაფხულშიც და ზამთრის სიცივეშიც სწორედ ასეთ პირობებში არიან. გარემოვაჭრეები ჩვენთან იმ დაპირებებს იხსენებდნენ, რასაც პირადად ავთანდილ თალაკვაძე მათ არაერთხელ შეჰპირდა:
“დაახლოებით სამჯერ იყვნენ მოსულები ჩვენთან. ეს ჯერ კიდევ არჩევნებამდე ხდებოდა. გვახსოვს ბატონი თალაკვაძე როგორ დაგვპირდა, რომ როგორც თბილისში თავისუფლების მოედანზე არის ლამაზი შენობა ყვავილებით მოვაჭრეებისთვის, სწორედ ისეთ შენობას გაგიკეთებთ ოზურგეთშიო და ხალხი ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გვირეკავდა და გვილოცავდა. შუქსაც გვპირდებოდნენ, ადამიანურ პირობებსაც გვპირდებოდნენ, მაგრამ უკვე რამდენი ხნია , ის კაბინეტში შევიდა და დღემდე არავის უკითხავს ჩვენი ამბავი.”-იხსენებს ქალბატონი.
ერთ-ერთი გარემოვჭრე იმასაც გვიყვება, თუ რა შედეგი გამოიღო მერის მოადგილესთან- გიორგი ღურჯუმელიძესთან დარეკვამ:
“რამდენიმე დღის წინ , როდესაც ძლიერი ქარი და თოვლი იყო, პირადად დავურეკე გიორგი ღურჯუმელიძეს, მერის მოადგილეს და ტელეფონზე რომ მიპასუხა, ვკითხე, ბატონო გიორგი, თბილად ხომ ზიხართ კაბინეტშითქო.გაკვირვებულმა მკითხა, ვინ ბრძანდებით ქალბატონოო? ვუთხარი ერთ-ერთი ყვავილებით გარემოვჭრე ვარ, რომელსაც თქვენ ყველანაირ სიკეთეს დაპირდით. ეს დაგავიწყდათ, მაგრამ რაც მთავარია თქვენ ხომ ზიხართ თბილ კაბინეტში? მაშინ თითქოს ძალიან შეწუხდა, მაგრამ იმის შემდეგ, რამდენჯერაც ვცადე დაკავშირება, სულ გამორთული აქვს. ეტყობა, არასასურველი ნომერი დაბლოკა. აი, ასეთ სიტუაციაში ვართ.”-გვიყვება გარემოვაჭრე.
გარემოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ისინი წინასაარჩევნოდ გამოიყენეს, შემდეგ კი არაადამიანურად ზურგი აქციეს და დაივიწყეს:
“ისევ ჩვენი ძალებით ვცდილობთ. აქ არც ჭერი გვაქვს, არც იატაკი გვაქვს. პირდაპირ გზაზე ვართ დაყრილები და ამ ცელოფნებსაც ჩვენი ძალებით ვამაგრებთ, რომ ცუდ ამინდში წვიმისგან დ ქარისგან ცოტა მაინც დაგვიცვას. მაგ ადამიანებს ალბათ იმის სინდისიც კი არ აქვთ, ამდენი ტყულის მერე , თავი უხერხულად მაინც იგრძნონ. კაცი სიტყვით ფასდება და ესენი ამ სიტყვებს ისე ისვრიან,არც კი ფიქრობენ, მერე ამ სიტყვების შესრულებაზე. როგორ შეუძლიათ, ადამიანებს თავლებში შეხედონ , როდესაც არჩევნებამდე ყველანაირ დაპირებაზე მოდიან და შემდეგ ასე არაადამიანურად ზურგს გვაქცევენ.” – ჰყვებიან “გურიის მოამბესთან” ადგილზე დასაქმებული ქალბატონები.
ცნობისთვის, ყვავილების ბაზრობაზე დაახლოებით 12 ქალბატონი არის დასაქმებული. ისინი სამ წელზე მეტია, თითქმის შუა ქუჩაში სხედან და მათთვის, მიუხედავად უამრავი დაპირებისა, ჯერ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოიცალა. ამ ადამიანებისთვის ადამიანური პირობების შექმნაზე როგორც ჩანს, არც ახალი მერი ფიქრობს, რადგან ხელისუფლებაში მოკალათებულნი მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ხალხის გასაჭირი კი მათთვის უმნიშვნელოა.