საზმაუს ჟურნალისტები: გადაცემა “ახალ კვირაში” ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო ცენზურის მცდელობები და ასევე, იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები.

„როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ვფიქრობთ, რომ მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე.

გუშინ „ახალი კვირის“ წამყვანმა იმედა დარსალიამ საჯაროდ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც გადაცემას ჰქონდა. პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ახალი კვირის“ შეჩერების ფაქტის ალტ-ინფოს განცხადებებთან რაიმე კავშირს გამოვრიცხავთ და მიგვაჩნია, რომ მედიაში ამ თემის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.

ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია. ამის მიუხედავად, გადაცემაში გავიდა არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრა იმედა დარსალიასა და გუნდის დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია არხის ვებ-გვერდზე ნახოს.

ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი.

ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას.
P.S. კოლეგებს ვთხოვთ ამ განმარტებით ისარგებლონ, რადგან ამ ეტაპზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ“, – წერენ ჟურნალისტები განცხადებაში.

გუშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, მათი მტკიცებით, არხზე არცერთი პროექტი არ დახურულა და ეთერში ახალი კვირის განახლებული ფორმატი გავა.

ამით პირველი არხი გამოეხმაურა გადაცემა ახალი კვირის წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადებას იმაზე, რომ ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში ალტ-ინფოს წევრები იმუქრებოდნენ, ზუსტად ერთ თვეში კი ტელევიზიამ გადაცემა დახურა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი არხის მიმართ “მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია” ხორციელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share