ხმაური იყო დღეს ოზურგეთის სასამართლოში, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევის მოსახლეობის ნაწილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს შენობის წინ, სასჯელმისჯილის ოჯახის წევრმა თვითმკვლელობა სცადა.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე მარინა კიკნაძე) მოხუცი ცოლ-ქმარის სასტიკად ყაჩაღობაში ადგილობრივი შალვა ოქრუაძე ბრალდებულად სცნო და მას 8 წელი პატიმრობა მიუსაჯა.
ოქრუაძის ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შალვა ოქრუაძე უდანაშაულოა და მას პატიმრობა მოსამართლემ პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით მიუსაჯა, რადგან პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
მეტიც, მოსამართლე საერთოდ არ დაინტერესდა ბრალდებული მხარის პოზიციით – აცხადებენ შალვა ოქრუაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული მისი მეზობლები.
მეზობლები და ოჯახის წევრები შალვა ოქრუაძის ყაჩაღობაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ყაჩაღობის დროს შალვა სახლში იყო.
თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან დაზარალებულებიც.
მოხუცი ცოლ-ქმრის შვილი შორენა პროცენკო აცხადებს, რომ გამოძიება საერთოდ არ დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ თავდამსხმელები, რომლებმაც მისი მოხუცი დედ-მამა აწამეს სამნი იყვნენ და მხოლოდ ერთია დაკავებული და მისი მონაწილეობაც ამ ყაჩაღობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი პროცენკოები მიმდინარე წლის პირველ მარტს დააყაჩაღენ.
მოხუცები თავდამსხმელებმა სასტიკად აწამეს და სცემეს.