უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე პირდაპირ პასუხებს ელის – ეს განცხადება ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად არ არის აუცილებელი რუსეთის შესაძლო შემოჭრის თარიღებზე საუბარი.
“იმისთვის, რომ რეალურად დაეხმაროთ უკრაინას, თქვენ არ გჭირდებათ მუდმივად ისაუბროთ შესაძლო შემოჭრის თარიღებზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას 16 თებერვალს, 1 მარტს და 31 დეკემბერს. სხვა თარიღები უფრო გვჭირდება და ყველას ესმის მშვენივრად” – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან გაიხსენა, რომ ხვალ უკრაინაში ზეციური ასეულის გმირების დღეა.
„8 წლის წინ უკრაინელებმა გააკეთეს არჩევანი, ბევრმა სიცოცხლე შესწირა ამ არჩევანს. მართლაც, 8 წლის შემდეგ უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივის აღიარებას. 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია დარწმუნებულია, რომ ჩვენ ავირჩიეთ არასწორი გზა, რომელსაც ევროპაში არავინ ელოდება.
განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა განაცხადოს და ქმედებებით გაამართლოს, რომ ეს ასე არ არის? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს: „ჩვენი მოქალაქეები დადებითად უყურებენ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას“? რატომ ვერიდებით ამ კითხვას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს?“ – განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ იგივე ეხება ნატოს:
“ისინი გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით, უცხო პირებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, გვითხარით გულახდილად. გახსნილი კარები კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლების პასუხგაუცემელი კითხვები, განა ჩვენს გაფართოებულ შესაძლებლობებში ჭეშმარიტების უფლება არ შედის?“, – განაცხადა მან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სიმართლისთვის საუკეთესო დრო მადრიდის შემდეგი სამიტია.
მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ უკრაინა ცდილობს ალიანსში გაწევრიანებას, რათა თითქოსდა დაიბრუნოს ყირიმი ძალით. მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს,თუმცა მხოლოდ მშვიდობიანი გზით.