შრომისუნარიანი ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს დასაქმების, ჩვენ ასეთ ადამიანს უარი არ უნდა ვუთხრათ – ან დასაქმდეს კერძო სექტორში, ან საზოგადოებრივი სამუშაოებით უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაზე საუბრისას „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დასაქმების ახალ პროგრამაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან.
„უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი მუნიციპალიტეტებს, სახელმწიფო უწყებებს, სამინისტროებს. ჩვენ შეგვიძლია ეს სამუშაოები შევასრულოთ და ამ ადამიანებმა სამუშაოს შესრულების პარალელურად თავიანთი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. ალბათ, ის გარდამავალი პერიოდი, როდესაც ისინი სამუშაოს პროცესს შეეჩვევიან, გარკვეულ კვალიფიკაციებს შეიძენენ და იზრუნებენ თავიანთი დასაქმების პირობების გაუმჯობესებას, კერძო სექტორში გადასვლას და საბოლოოდ, ტრადიციულ, შრომით ბაზარზე ინტეგრაციას მივაღწევთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.