უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალები ლიდერობას გამოიჩენენ და საპარლამენტო წარმომადგენლობას შესაძლებელს გახდიან.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოში შექმნილი სიტუაცია. დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ლიდერობა გამოიჩინონ და შესაძლებელი გახადონ საპარლამენტო წარმომადგენლობა. ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო შეთავაზება კომპრომისს გზას გაუხსნის, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე იმუშაოს და სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს უპასუხოს“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.