პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიტიკოსებმა ცდუნებას უნდა გაუძლონდა პარლამნეტში არ შევიდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ბესელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
როგორც ბესელია განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პოლიტიკოსი პარლამენტში მაინც შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.
„უბრალოდ, ნებისყოფა უნდა ეყოს ყველას, რომ ამ ცდუნებას გაუძლოს. მარტივად იქნება სახელდებული, რომ ვინც ამდენი „არას“ თქმის შემდეგ და ამდენი განცხადების შემდეგ, ადგება და რაღაც მიზეზს მოძებნის პარლამენტში შესასვლელად, უბრალოდ ძალიან მარტივად დაერქმევა სახელი, რომ მოახერხა ივანიშვილმა და იყიდა ის პოლიტიკოსი, ასე დაერქმევა ეს სახელი“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, ის პლებისციტის მომხრე არ არის.
„სკეპტიკურად ვარ განწყობილი და არ დამიმალავს ჩემი განწყობა, ვითვალისწინებ კოვიდის ფაქტორს, იმას, რომ შეიძლება ახალი წლების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდეს ეკონომიკური ვითარება, ბევრი სირთულე მოიყრის თავს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ მორალურადაც, სულიერადაც, პოლიტიკურადაც. ამიტომ, ძალიან დიდი რისკი ახლავს ასეთი პროცესის დაგეგმვას, ამიტომ შევხედავდი ძალიან სკეპტიკურად პლებისციტის საკითხს, არ ვარ იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ამას მხარს უჭერს. პოლიტიკური დიალოგის კულტურა მათ შორის იმასაც ნიშნავს, რომ ეს ვერსიაც განიხილო, რადგან მას მომხრეები ჰყავს, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი გამოაჩენს ამ გზის ნაკლებ პერსპექტიულობას“, – განაცხადა ბესელიამ.