”ჩვენ რომ ღირსების მოყვარე, სინდისიერი და კულტურული ერი ვიყოთ, მსგავსი მთავრობის ქვეშ არ უნდა ვცხოვრობდეთ!” – ასე ეხმაურება სცენარისტი, მწერალი და რეჟისორი ირაკლი მახარაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს:
”როცა მთავრობა გაურბის რეალურ საშიშროებაზე და პრობლემებზე საუბარს – ის მთავრობა ფურთხის ღირსია,
როცა მთავრობას მთავარ პრიორიტეტად და ვიღაცის დანაშაულად გამოაქვს თუ ვინ რანაირად იცეკვა სვანური ცეკვა ან არის თუ არა ელენე დარიანი ნაღდი ადამიანი, ის მთავრობა არის სასაცილო და ამავე დროს მავნებელი, რადგან აქცენტები გადააქვს რეალური პრობლემებიდან ყურით მოთრეულზე.
როცა მთავრობა ე.წ. მცოცავ ოკუპაციას წინა მთავრობის დანაშაულად თვლის, თავად კი 11 წლის მანძილზე რეალურად თითსაც არ ანძრევს საქმის გამოსასწორებლად – ის მთავრობა არის დამნაშავე.
ვინ შეუშალა ხელი ამ და უამრავი წინა მთავრობის მიერ ე. წ. ,,ჩასვრილი“ საქმეების გამოსწორების მცდელობაში? არ ვამბობ გამოსწორებაში. თუნდაც მცდელობაში?
კულტურის მინისტრი რომ გაფაციცებით ეძებს კულტურის მოღვაწეებში ,,ოცნების“ მოწინააღმდეგეებს ან უბრალოდ მათ არმხარდამჭერებს, ეს ხომ ნონსენსია.
როცა ყველა დონეზე იმატებენ ხელფასებს და კულტურის სადარაჯოზე მდგარი ხალხი ორას ლარზე მუშაობს და ამაზე კულტურის სამინისტორო დუმს, რა არის ეს? რა ჰქვია ამას?
ვისაც თვალებზე ვარდისფერი სათვალეები აქვს და ამ მთავრობას ხელაღებით და ყრუ-მუნჯად ემხრობა, თავი არ შეიწუხოთ პასუხებით, ისედაც ნათელია რასაც იბჟუტურებთ და ნათელია რასაც გიპასუხებთ.
და ბოლოს – ჩვენ რომ ღირსების მოყვარე, სინდისიერი და კულტურული ერი ვიყოთ, მსგავსი მთავრობის ქვეშ არ უნდა ვცხოვრობდეთ! ირტყით ახლა მუშტები გულ-მკერდზე, ახსენეთ ნიკოფსია და დარუბანდი და ამავდოულად იცხოვრეთ ფუნაში და უყურეთ რაფერ მდიდრდება და სუქდება მმართველი კლასი და რაფერ გენძრევათ თქვენ ხალხს და ყოლიფერი გადააბრალეთ წინა მთავრობას მხოლოდ!” – წერს ირაკლი მახარაძე.