აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის შესაძლო აღიარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სოციალურ ქსელში წერს:
“დონბასისა და ლუჰანსკის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება რუსეთის მიერ, უფრო რეალურს ხდის პრაქტიკულად უკვე დაკარგულ შანსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ, როცა რუსეთს ახალ საზღვრებში მოაქცევს მსოფლიო საერთაშორისო სასამართლო.
ჯერ აღიარებს ამ ორ “რესპუბლიკას” და მერე მათი “თხოვნთ” დაიცავს მათ საზღვრებს “ოკუპანტი” უკრაინელებისაგან. ამ გზით აღარ გაიმეორებს იმ პოლიტიკურ-სამართლებრივ შეცდომას, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო აგრესიის შემდეგ აღიარა და წინასწარ ამზადებს იურიდიულ ნიადაგს. შესაბამისად, უკვე გასაგებია, თუ სად წარიმართება ძირითადი ბრძოლები.
ახლა უკვე ჯერი დასავლეთზეა; აღიარებენ ლუჰანსკ-დონბასის ოკუპაციას “დიდ ომად”, თუ “მცირე შეჭრად”; ან რა ხარისხის ზეწოლას განახორციელებენ რუსეთზე შეჭრის შემთხვევაში და რამდენად დააწვებიან უკრაინას, რომ “მშვიდობის” ხათრით დათმოს.
ცხადია, უკრაინელების მკვეთრი წინააღმდეგობის შემთხვევაში რუსეთი სულ უფრო და უფრო ხშირად დაიწყებს ბირთვული იარაღით მუქარას და შანტაჟს, რაც გააძლიერებს დასავლეთის პოლიტიკურ ზეწოლას უკრაინაზე.
დასავლეთმა თუ ეს ფსევდო-პოლიტიკური მანიპულაცია გაუტარა რუსეთს, რისი დიდი რისკიც არსებობს, მაშინ უკრაინას მძიმე დღეები ელის წინ. მსხვერპლი სერიოზული იქნება.
თუმცა, საბოლოოდ რუსეთს მაინც არა აქვს მომავალი ამ სახით და მისი შემდგომი დიქტატორი ბევრად უფრო ფრთხილად იქნება შერჩეული თავად რუსების მიერ”, – წერს ზურაბ გურული.