ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ირმა მგელაძემ, საკრებულოს სხდომაზე, ლანჩხუთის სახანძრო სამსახურისთვის მანქანების დამატების საკითხი დააყენა და ამ მოთხოვნის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა:
“ეს გახლავთ ჩვენი საკრებულოს უმრავლესობა, რომლებმაც მას შემდეგ, რაც ხელფასების მატება გაიფორმეს, სხვა საკითხების მოსმენაც კი არ აინტერესებთ. არადა საკითხი რომელიც გავაჟღერე, არის თითოეული ლანჩხუთელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან უბედური შემთხვევიდან დაზღვეული არც პოზიცია და არც ოპოზიცია არ ვართ. ლანჩხუთის სახანძრო-სამაშველო სამსახური უკვე მერვე წელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფია, 2006 წლიდან შევძელით(მაშინ მუნიციპალური იყო) და შევუძინეთ პიკაპის მარკის ავტომობილი სამაშველო სამსახურის აღჭურვილობით, დღემდე მეტი არაფერი შემატებია მათ ტექნიკას. მაშინ, როცა შსს მუდმივად ძვირადღირებული მანქანების ავტოპარკს აახლებს, აზრადაც არავის მოსვლია ერთი სახანძრო მანქანის შეძენა. ნებისმიერი ხანძარი აქ მომუშავე გმირი პერსონალისთვის ნამდვილად პირადი ტრაგედიაა, რადგან თითქმის ვერასოდეს ვერ გამოდიან გამარჯვებულები უბედურებასთან ბრძოლაში, მიუხედავად თავიანთი თავგანწირვისა და უწევთ გამწარებული ადამიანების ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ატანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მანქანაც კი არ ყავთ მწყობრში. აქ ისმის ბატონი მერის დაპირება, რომ მიდის საუბარი… და სანამ საუბარი მიდის, ამასობაში კიდევ რამდენი ადამიანის ჭერს შეიწირავს ხანძარი ვინ იცის. ამიტომ ყველამ დავფიქრდეთ და მოვთხოვოთ შსს, სასწრაფოდ გადმოსცენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სახანძრო მანქანა, ერთი მაინც. რა დავაშავეთ საქართველოს მთავრობა ბატონებო? ის ხომ არა რომ სიღარიბით და სიდუხჭირით ყველასგან გამორჩეულ მუნიციპალიტეტში მაინც მაღალ პროცენტს ღებულობთ და თვლით რომ მეტს არ ვიმსახურებთ? შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia Merab Chanukvadze.” – წერს ირმა მგელაძე.