”წულუკიანი არ მოსწონთ, თურმე, მძიმე ხასიათი აქვსო… ნიჭიერ ადამიანს კარგი ხასიათი ვის ჰქონია? – მე ასეთი ჯერ არ მინახავს”

”იქ წულუკიანი არ მოსწონთ, თურმე, მძიმე ხასიათი აქვსო… ნიჭიერ ადამიანს კარგი ხასიათი ვის ჰქონია? – მე ასეთი ჯერ არ მინახავს” – აცხადებს მსახიობი და  ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,  რამაზ იოსელიანი, რომელმაც  “კვირის პალიტრასთან”  მიმდინარე აქტუალურ ისაუბრა:

ძალიან კუდაბზიკა, ყველაფრისმცოდნეები ვართ და ცუდად ვიქცევით ერთმანეთთან მიმართებაში… რა დაგვემართა, ვერ გამიგია… რამდენიმე წლის წინ, ჩემს ბავშვობაში და თუნდაც სტუდენტობის დროს, რატომ არ იყო ასე? სიდუხჭირემ თუ გააბოროტა ეს ხალხი, ჩვენს დროს კიდევ უფრო გაჭირვება იყო. ერთმანეთის პატივისცემა, მორიდება იყო და შინაგანი კულტურა საერთოდ სად გაქრა, ეგ ვერაფრით გამიგიამაგალითად, მე ქუჩაში დავრჩი, სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ არ გავბოროტებულვარ.

პანდემია რომ გამოცხადდა და საშინელი პერიოდი იყო, ფოთში, ოთახში გამოკეტილი ვეღარ გავჩერდებოდი და ორი-სამი თვე სოფელ ხიდისთავში ვიყავი. იქ ყოფნამ ძალიან მიშველა, ეზოში გავდიოდი… ახლაც მაქვს სოფელში მეურნეობა, მყავს ძაღლი, კატა, ქათმები… ძროხები, ღორები და თხებიც მყავდა, მაგრამ ფიზიკურად მოვლა აღარ შემეძლო და ვერც ვერავინ ვნახე, გარკვეული საფასურის ნაცვლად რომ მოევლო. მუშაობა ყველას ეზარება, ურჩევნიათ, საზღვარგარეთ ტუალეტები ხეხონ, იქურდონ და იჯიბგირონ, ვიდრე თავიანთ სამშობლოში იყვნენ…

ვისაც სოფელი აქვს, თუ ხელს გაანძრევს, მშიერი არ იქნება… აქ რომ არ ვცხოვრობდე და ყოველდღიურობა არ ვიცოდე, მეც ვიტყოდი, სოფელს უჭირს-მეთქი… კი, სოფლად ბევრი პრობლემაა, მაგრამ მთავარი სირთულე მაინც სიზარმაცეა… ჩემი ეზოს გვერდით უამრავი ნაკვეთია, დაუმუშავებელი და მიგდებული… ვინმე რომ საყიდლად მივიდეს, ისეთ ფასს დაადებენ, იმ ნაკვეთით სურთ სამუდამოდ რომ აშენდნენ.

მესმის პოლიტიკა, მთავრობას რომ უნდა მივაკითხოთ, მაგრამ თავადაც არ ვართ მოწესრიგებულები… დღეს მეზობელთან ვიყავი ასული, ნერგების გამოსართმევად, ონკანი მოშვებული ჰქონდა და წყალი მოდიოდა. იმის გამო, მე ქვემოთ წყალი აღარ მაქვს. ვეკითხები, მოშვებული რატომ გაქვს-მეთქი და, – რა ვიცი, აბაო… წყალზე რომ მრიცხველები იყოს, მაშინ ასე დაუდევრად ვეღარავინ მოიქცეოდა და ყველა გადავიხდიდით, რასაც დავხარჯავდით. ასეთ წვალებას ხომ აჯობებდა?! შენი ეზოს წინ რომ სიბინძურეა, ის ნაგავი ხომ შეგიძლია, იქვე, სანაგვეში ჩაყარო?!

აღარ მაინტერესებს პოლიტიკა და, ნეტავ, საერთოდაც არ ვიცოდე, ვინ ვინ არის!

არაპროფესიონალებით არის სავსე ქვეყანა, არ მინდა, კიდევ ყველა გადავიმტერო. ისეთი ხალხი ზის ჩვენს სამსახურებში… პრეტენზია აქვთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არაფრის აზრზე არ არიან, ვერაფერს აკეთებენ.

რაც შეეხება ჩვენს მინისტრს- თეა წულუკიანი ძალიან მიყვარს! მე მქონდა მასთან ურთიერთობა და ძალიან კარგად, საღად აზროვნებს… უშეცდომო დედამიწის ზურგზე არავინაა და საერთოდაც, რა შეცდომებზე უნდა ვისაუბროთ, როცა ჯერ წელიწადიც კი არ არის, რაც კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა… რაშიც გაერკვა, ძალიან ლოგიკურად მიუდგა. ვისაც პრეტენზია ჰქონდა სამხატვრო ხელმძღვანელებთან მიმართებაში, ძალიან შესაბამისად დასვა ყველა თავიანთ ადგილზე.

 წულუკიანი არ მოსწონთ, თურმე, მძიმე ხასიათი აქვსო… ნიჭიერ ადამიანს კარგი ხასიათი ვის ჰქონია? – მე ასეთი ჯერ არ მინახავს.

თეა წულუკიანი ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია და ფულზე და გამორჩენაზე არ ფიქრობს… წარმოიდგინეთ, მას რომ ფული მოეხვეჭა, ზოგიერთ ტელევიზიას მაგის ამოქექვას ვინმე მოასწრებდა?!” – აცხადებს  რამაზ იოსელიანი.

წყარო : კვირის პალიტრა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share