ოქრუაშვილის თქმით, ოპოზიციიდან 7-მდე დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას 7-მდე დეპუტატი აპირებს.

“მაქვს ინფორმაცია, რომ 7-მდე დეპუტატი შედის პარლამენტში. თან შედიან არა პირველ დღეს, არამედ ნელ-ნელა”, – განუცხადა ფორმულას ოქრუაშვილმა.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს.

კრიზისის ფონზე, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ დრომდე მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. მათგან უკანასნკნელი შეხვედრა დღეს, 7 დეკემბერს შედგა. შეხვედრაზე ოპოზიციის წინადადებები განიხილეს, რომელშიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების, საარჩევნო რეფორმის და ხელახალი არჩევნების გარდა, ასევე არის შეთავაზება რიგგარეშე არჩევნებზე პლებისციტის ჩატარების შესახებ. შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნებს ან პლებისციტს არ განიხილავს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა თქვეს, რომ ზოგიერთ საკითხზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ეს არ ეხება მთავარ საკითხებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share