“ნებისმიერ პოზიციაზე გაანადგურეთ მტერი! ჩვენი იმედი ჩვენი არმიაა!”

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოქალაქეებს სამხედრო ნაწილებში გამოცხადებისკენ მოუწოდა. ალექსეი რეზნიკოვის თქმით, სამშობლოს დასაცავად რეზერვისტებმა და მოქალაქეებმა, ვისაც ბრძოლა შეუძლია, იარაღი უნდა აიღონ.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ მტრის იერიშები წარმატებით მოიგერია და მათ სერიოზული ზიანი მიაყენა.

“ძვირფასო უკრაინელებო, მტრის გეგმამ, რომ უკრაინელი ერი გატეხოს, არ იმუშავა. ჩვენი არმია მედგრად იბრძვის. ოკუპანტს სერიოზული დანაკარგი აქვს. აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე მტერი შევაჩერეთ. ოკუპანტების 5 ავიაგამანადგურებელი, ორი სამხედრო თვითმფრინავი და 5 ტანკი გავანადგურეთ.

მივმართავ თითოეულ ჯარისკაცს, არმიას, ეროვნულ გვარდიას და სპეცდანიშნულების რაზმებს, ნებისმიერ პოზიციაზე გაანადგურეთ მტერი.

დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვას და ლატვიის, ასევე სხვა დასავლეთ პარტნიორებს ვესაუბრე. ისინი მხარს მაქსიმალურად გვიჭერენ, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ჩვენი იმედი ჩვენი არმიაა.

მოქალაქეებსა და ვეტერანებს მივმართავ, გამოცხადდით სამხედრო ცენტრებში და სამშობლო დაიცავით. აიღეთ იარაღი და დაიცავით სამშობლო. ჩვენ გავიმარჯვებთ!”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share