მლნ მოსახლეზე ინფიცირების რიცხვით საქართველო მსოფლიოს  მე-13 ადგილზეა

ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების რიცხვით (42 563) საქართველო მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა. მას მხოლოდ ანდორა (91 620), მონტენეგრო (61 395), ლუქსემბურგი (61 036), საფრანგეთის პოლინეზია (53 644), სან მარინო (53 000), ჩეხეთი (51 417), ბელგია (51 036), ბაჰრეინი (51 030), კატარი (49 892), სომხეთი (48 194), არუბა (46 427) და ამერიკის შეერთებული შტატები (46 317) უსწრებს.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, საქართველო მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (395) მსოფლიოში 43-ე ადგილს იკავებს. ქვეყანამ ამ მაჩვენებლით ოფიციალურად უკვე გადაუსწრო საბერძნეთს, გერმანიას, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, დანიას, ფინეთს, ნორვეგიას, ისრაელს, თურქეთს, აზერბაიჯანს, ირანს, რუსეთს და სხვ.

8 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 169 649 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 141 392 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 576 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: