გამყრელიძე: შესაძლოა, იანვრის ბოლოს ერთ-ერთი ვაქცინა შემოვიტანოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო COVAX-თან უკვე აქვს ხელშეკრულება დადებული და ვაქცინის შემოსატანად პირველადი გადარიცხვაც, 4 მილიონი დოლარი, გადარიცხულია.

გამყრელიძის განმარტებით, COVAX-ი შეისყიდის 4-5 ვაქცინას და საქართველოს დადებული კონტრაქტის გათვალისწინებით, შესაძლებლობა ექნება თავად ამოირჩიოს, თუ რომელი ვაქციან შემოიტანოს ქვეყანაში. შემოტანის დროდ კი გამყრელიძე მარტ-აპრილს ასახელებს.

თუმცა, გამყრელიძის ცნობით, ერთერთი ვაქციან მანამდეც, იანვრის ბოლოს შეიძლება უკვე საქართველოში იყოს.

“მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ერთერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, საუაბრია 200-დან 300 ათას დოზაზე, რათა უფრო ადრე დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია”. – ამბობს ამირან გამმყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ე.წ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად, საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 50-დან 60%-მდე იყოს აცრილი.

დიდი ბრიტანეთში Pfizer/BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცეს და დღეს პირველი პაციენტი, 90 წლის ქალი, აიცრა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share