გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გაერთიანებული სამეფოს კინოგაქირავებაში გამოსული საუკეთესო ფილმების სია გამოაქვეყნა.
სიაში 26-ე ადგილი ლევან აკინის LGBTQ დრამამ “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაიკავა.
“ორი კაცის საიდუმლო, მძაფრი რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც ქართული ცეკვის ულტრაკონსერვატიულ სამყაროში ვითარდება”. – ასეთი სიტყვებით აფასებს ფილმს გამოცემა.
გახმაურებული ფილმი შვედეთის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად დაასახელა და ქვეყნის სახელით 2019 წელს ოსკარზე გაიგზავნა, თუმცა საბოლოო ნომინანტებში ვერ მოხვდა. სურათის ჩვენება პრესტიჟულ სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა.
ფილმის ქართული პრემიერა კინოთეატრ ამირანში შედგა. მაყურებლის დაცვა ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფებისგან პოლიციის კორდონს მოუწია.