“ყოჩაღ!”- რუსეთი მიესალმება საქართველოს პოზიციას, არ შეუერთდეს მისთვის დაწესებულ სანქციებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 25 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო “ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე” უარს ამბობს შეუერთდეს რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, ეხმაურება რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი. ის დადებითად აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

“საბოლოოდ გონიერებამ გაიმარჯვა. საქართველო ინარჩუნებს კარგ სავაჭრო ურთიერთობას ღვინის, ხილის და ბოსტნეულის ბაზრებზე. ისინი მიხვდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებით მიღებულ ზარალს დასავლეთი მათ არ აუნაზღაურებს. საერთოდ, რა მათი საქმეა ის სიტუაცია, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ყოჩაღ! მხოლოდ მივესალმებით ასეთ გადაწყვეტილებას!” – რუსი პოლიტიკოსის ამ განცხადებას გაზეთი “იზვესტია” ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, “ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით”, არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს, რომ უკრაინაში მისი “ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია” და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, “მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში”. მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share