“14 წლის შემდეგ, გონს მოდიან” – ასე შეაფასეს, დღეს ერთ-ერთ მთავარ რუსულ პროპაგანდისტულ გადაცემაში, Время покажет-ის ეთერში, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც მან განაცხადა რომ სანქციებს საქართველო არ უერთდება და ასევე არ განიხილავს კიევში ჩასვლას. როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერის განცხადება, რუსული სამხედრო ოპერაციების წარმატების შედეგია.
“მაინც რა კარგად მუშაობს წერტილოვანი სამხედრო სამშვიდობო ოპერაციები. როგორ ურეცხავენ ისტორიული თვალსაზრისით ადამიანებს ტვინს. აი, ნახეთ 2008 წელს, როცა იყო წინა სამშვიდობო ოპერაცია საქართველოსთან, რაღაც ნატო შმატო და ასე შემდეგ… ახლა ერთი ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება. როგორ ფიქრობთ, რომელი ქვეყნის პრემიერმა თქვა?! საქართველოსი! პრემიერმა ღარიბაშვილმა. ანუ სპეციალური წერტილოვანი ოპერაციები 14 წლის შემდეგ მუშაობს, იმ ადამიანებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანი ქვეყნის ხალხისა და ეკონომიკის წინაშე, ანუ გონს მოდიან”, – თქვა გადაცემის წამყვანმა.