დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად დღეს, 11 ოქტომბერს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა #სირცხვილიაა.
აქციის მთავარი მოთხოვნა, სახელმწიფოს მხრიდან, დაკავებულების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და განთავისუფლებაა. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები პარლამენტთან 5 საათზე შეიკრიბებიან.
ჩვენ დღეს ვიკრიბებით პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, ზუსტად 5 საათზე, რადგან სოლიდარობა გამოვუცხადოთ და მათ ოჯახს, უფლებადამცველებს, თვითონ ამ ორ დაკავებულ ადამიანს ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ მათ გვერდით, ცხადია, არ გვაქვს რამე დადებითის იმედი, რადგან ვიცით როგორ იღებს ივანიშვილის მორჩილი სასამართლო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მოქალაქეებს აღვუთქვათ სოლიდარობა, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე.
მოძრობა #სირცხვილიას კიდევ ერთი წევრის, გიგა მაქარაშვილის თქმით, კარტოგრაფების საქმე მორიგი სამარცხვინო ფურცელია “ქართული ოცნების” მოღვაწეობაში.
არ არის ძნელი მისახვედრი ვისზე აპირებენ გასვლას და ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილზე უნდათ ამ ბრალდების მიკერება. მაგრამ აქ არის მთავარი, ადამიანების უფლებები ირღვევა და ხელისუფლება ცდილობს ადამიანების დაჭერით მძიმე დარტყმა მიაყენოს არა მარტო ოპოზიციას, არამედ მთელ ქვეყანას, – თქვა გიგა მაქარაშვილმა.
ნიკა რურუას სახელობის საქველმოქმედო ფონდ “გჯეროდეს საქართველოს” დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტის, ანა ჭარხალაშვილის თქმით, ეს სცენარი კრემლიდანაა “გადმოწერილი” და მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ივანიშვილს აჩვენოს, რომ უსამართლობას არ შეეგუებიან.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, “ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში.”
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.