სადღაც სხდომები ტარდება, სადღაც გადაწყვეტილებები მიიღება, სადღაც სანქციების შემოღება მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინაში, ქალაქ კიევისა და სხვა ქალაქების მახლობლად ბრძოლა მიმდინარეობს -სიტუაცია ძალიან რთულია,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან დამსწრეებს კიევში თავდასხმების შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლების ფოტოები აჩვენა და განაცხადა, რომ „რუსეთის ჯარმა თავისი დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს“.
„დღეს ომის მესამე დღეა. მესამე დღეა, რაც უკრაინის არმია იცავს უკრაინასა და მთელ მსოფლიოს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ბატონმა ვლადიმერ ზელენსკიმ დაიწყო მიმართვით უკრაინისა და მთელი მსოფლიოსადმი. ის მიმართავდა ყველას, თავისი სამუშაო ადგილიდან, ანუ პრეზიდენტის ოფისიდან. მისი პირველი სიგნალი იყო – არავის დაუჯეროთ, არავის მივმართავდი, დაყარეთ იარაღი, ჩვენი ჯარი იცავს ჩვენს უკრაინას და ჩვენ დავიცავთ მას. ეს არის ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ბავშვები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ.
სიტუაცია ძალიან რთულია. ეს სიტუაცია მოითხოვს დახმარებას არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებისადმი, არამედ დახმარებას მთელი ქვეყნისთვის.
ღამე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, გამოეყო 600 მლნ დოლარი დამატებითი სახსრების სახით უკრაინის დასახმარებლად. გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემოღებაზე. გუშინ გაიმართა ნატოს სამიტი. დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან და ასევე, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან. მე ეს ყველაფერი გითხარით იმისთვის, რათა ნახოთ კონტრასტი – სადღაც სხდომების ჩატარება ხდება, სადღაც გადაწყვეტილებები მიიღება, სადღაც სანქციების შემოღება მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინაში, ქალაქ კიევისა და სხვა ქალაქების მახლობლად ბრძოლა მიმდინარეობს.
რუსეთის ჯარმა თავისი დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც სამშვიდობო მოსახლეობა ცხოვრობს. ეს არის საცხოვრებელი უბანი, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. იქ არ არის სამხედრო ობიექტები ან სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის მხოლოდ ბაღები, სკოლები და სახლები. ბრძოლები მიმდინარეობს კიევის მახლობლად. აგრესორი ცდილობს, შემოვიდეს კიევში ბელარუსის მხრიდან, სადაც ჩერნობილის ობიექტი მდებარეობს. არის აგრესორის მცდელობები, რომ გადმოსვას საჰაერო დესანტი კიევის მეორე სანაპიროზე, ანუ დნეპრის სანაპიროზე, რომელიც კიევს ორ ნაწილად ყოფს. ქალაქ კიევის მერმა დღეს კიევის მოსახლეობას მიმართა და დანაკარგების შესახებ შეატყობინა. ჩვენ გვყავს 35 დაჭრილი, მათ შორის 2 ბავშვი. უკრაინა არის ტერიტორიით ყველაზე მსხვილი სახელმწიფო და ჩვენ გვყავს 40 მლნ მოსახლე. მინდა შეგახსენოთ, რომ დამნაშავე პუტინმა გამოაცხადა სპეციალური ოპერაციის დაწყების შესახებ, რომელიც უკავშირდება არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მდგომარეობას. ასევე, დაიწყო საომარი მოქმედებები, ომი, ყველა შესაძლო მიმართულებიდან, სადაც რუსული ჯარი იყო ფოკუსირებული“,- განაცხადა იგორ დოლგოვმა.