უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ამ ჭრილში საქართველოს პოზიციას “კვირასთან” საუბრისას მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი აფასებს. როგორც გაფრინდაშვილი ამბობს, რაც ახლა ხდება, საშინელებაა. ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რის შესაძლებლობაც მას აქვს.
“რა თქმა უნდა, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საშინელებაა. სპორტული და სხვა მიმართულებებით რა სანქციებიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდა, ცოტა არ არის. ყველაფერი, რაც აქ უნდა ჩატარებულიყო, მოიხსნა – ეს რუსეთის ფედერაციისთვის დიდი დარტყმაა.
ხელისუფლება აკეთებს იმას, რის შესაძლებლობაც მას აქვს – ეხმარება უკრაინელ ხალხს. მორალური იქნება თუ პოლიტიკური, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები მისაღებია. მე ვეთანხმები პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, საქართველომ რუსეთს სანქციები არ უნდა დაუწესოს. ჩვენმა ქვეყანამ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რაც ხელეწიფება. რის შესაძლებლობაც არ აქვს და რაც ქვეყანას კრიტიკულ პოზიციამდე მიიყვანს, აბსოლუტურად მიუღებელია. მე მის განცხადებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს”, – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.