გერმანიამ გასცა ნიდერლანდის გზით უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება ევროკავშირის ორ წყაროზე დაყრდნობით. ეს მკვეთრი ცვლილებაა სამხედრო სფეროში ბერლინის პოლიტიკაში, რაც ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის საგანი.
შაბათამდე გერმანია მკაცრად იცავდა დიდი ხნის პრაქტიკას და ლეტალურ იარაღს არ აგზავნიდა კონფლიქტის ზონებში.
ეს ცვლილება შესაძლოა ნიშნავდეს ევროპის ქვეყნებიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სწრაფ ზრდას, ვინაიდან ევროპის ქვეყნების არსენალში მყოფი შეიარაღებისა და ტყვია-წამლის დიდი ნაწილი გერმანიაშია წარმოებული. ეს ბერლინს აძლევს უფლებას, გააკონტროლოს სამხედრო პროდუქციის სხვებისთვის გადაცემა.
როგორც გამოცემა Politico შენიშნავს, ეს არ ნიშნავს, რომ გერმანიამ მწვანე სინათლე აუნთო იარაღის მიწოდებას ზოგადად. ყოველი შემთხვევა ცალკე განიხილება.
აქამდე გერმანიამ უკრაინას 5000 სამხედრო ჩაფხუტი გაუგზავნა.
დიდი ბრიტანეთის ცნობით, დონორი ქვეყნების კონფერენციაზე ოცდახუთამდე სახელმწიფომ განაცხადა მზადყოფნა, უკრაინას „სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება“ აღმოუჩინოს. სამხედრო დახმარებაში შედის ტყვია-წამალი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
რადიო თავისუფლება