“ციხეში პუტინის ხელში ვარ, სულ რომ მომაკვდავი ვიყო, უკრაინაში ყოფნა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია” – მიხეილ სააკაშვილი

“სულ რომ მომაკვდავი ვიყო, ახლა უკრაინაში ყოფნა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია”– ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სადაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი მთავარსარდალი ხსნის, რატომ ითხოვა უკრაინაში გადაყვანა.

”ჯერ ერთი სასწრაფოდ მჭირდება მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში  ყველაფერი დასრულდება ჩემი დაინვალიდებით და სიკვდილით.  არ მინდა უბრალოდ ინვალიდობის  შედეგად ჩავქრე, თორემ მე რომ არ მეშინია საკუთარი სიცოცხლის რისკის, მგონია, ეს უკვე დავამტკიცე”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისივე განცხადებით, ივანიშვილი მისი ციხეში ყოფნით აღასრულებს პუტინის გეგმას და ეს უკრაინის ფონზე განსაკუთრებით ნათელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ “ახლა უკრაინაში უნდა იყოს პუტინთან ყველაზე პირველი მებრძოლი პრეზიდენტი, რომელსაც ამ ბრძოლაში ძალიან დიდი გამოცდილების გაზიარება და ასევე კონტაქტების გამოყენება შეუძლია”

კითხვაზე, როდესაც რუსული ჯარები უკვე კიევშია, არ არის  საფრთხის შემცველი მისი ახლა კიევში ყოფნა, სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ის პუტინის ხელშია:

“პუტინი ყველაზე ადვილად ხელში ჩამიგდებს აქ. ჩათვალეთ, რომ უკვე  მის ხელში ვარ”- აღნიშნავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. 

ინტერვიუდან ირკვევა, ისიც, რომ სააკაშვილი ვოლოდიმერ ზელენსკის რჩევებს რუსთავის ციხიდანაც აძლევს:

”კულებამ მოსთხოვა ზალკალიანს ჩემი გადაყვანა უკრაინაში სამკურნალოდ. მე ვწერ წერილებს უკრაინის პრეზიდენტს და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელს და წინა დღეებში, მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანმა მომწერა წერილი. არაერთი ნოტაა გამოგზავნილი ამ საკითხზე.

უკვე გავუგზავნე, ზოგიერთი გაიზიარა კიდეც, როგორც ტელევიზორიდან დავინახე, მაგრამ ზოგადად თვითონ ახლაც ძალიან კარგად უმკლავდება. ამ დროს მთავარია გამბედაობის მაგალითის მიცემა. ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი”- განმარტა მესამე პრეზიდენტმა. 

წყარო: ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share