აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ინტერპრესნიუსთან აფასებს.
დევიდ კრამერი ამბობს, რომ ის, რაც ახლა ხდება – ოპოზიციის ბოიკოტი და ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივა ქმნის კრიზისს, რომელიც მხოლოდ მოსკოვისთვის იქნება სასარგებლო. კრამერი იმედს გამოთქვამს, რომ ამას ყველა პოლიტიკური მხარე ხედავს და ესმის, რომ ვითარება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.
ასევე, კრამერი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ოპოზიციის ერთიანობა შენარჩუნდა, ვინაიდან საკმაოდ მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრია, არჩევნების წინ კი ასეთი ერთიანობა არ იყო. თუმცა, მისივე თქმით, ეს პოლარიზებულ და გარკვეულწილად პერსონიფიცირებულ ვითარებაზე მეტყველებს.
“ბიძინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილის ფიგურები საკმაოდ გამორჩეულ როლებს თამაშობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენში რეალურად, არც ერთი მათგანი ყოფილა, თუმცა ფარდის მიღმა ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ”. – ამბობს კრამერი.
რაც შეეხება კრიზისის გადაჭრის გზებს, კრამერის აზრით, ფასილტატორმა ელჩებმა უნდა აღიარონ, რომ არჩევნები პრობლემური იყო.
“ვფიქრობ, ელჩები ცდილობენ და ჩემი აზრით, მათ უნდა აღიარონ, რომ არჩევნები პრობლემური იყო. ვიცი, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული კომენტარები, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა. არსებითად, ისინი ამბობენ: “მერე რა, კიდევ ერთი რომ იყოს?” ჩვენ არ უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ცუდი არჩევნები, თუ ეს ის შეფასებაა, რაც ხალხს აქვს. საბოლოო ჯამში, ეს კრიზისი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და არა საერთაშორისო საზოგადოების რომელიმე მოთამაშემ”. – ამბობს დევიდ კრამერი.
მისივე თქმით, ვითარების განმუხტვისთვის ხელი არ შეუწყვია საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს. მეტიც, კრამერი პომპეოს მიერ ოპოზიციასთან არშეხვედრას “საშინელ სიგნალს” უწოდებს.
“ამასთან, ვფიქრობ, სიტუაციისთვის ხელი არ შეუწყვია სახელმწიფო მდივნის, პომპეოს საქართველოში ვიზიტს 2 კვირის წინ, როდესაც ის არჩევნების ტურებს შორის ჩამოვიდა და მხოლოდ მთავრობას, პატრიარქსა და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდა, თუმცა ოპოზიციასთან შეხვედრაზე უარი თქვა. ჩემი აზრით, ეს საშინელი სიგნალი იყო. პომპეოს ვიზიტს ნამდვილ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად ვთვლი, სადაც მას შეეძლო, გაერთიანებასა და კომპრომისის მისაღწევ მუშაობაში ყველა მხარეს დახმარებოდა. შესაბამისად, გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, მისი ვიზიტი ძალიან უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ აშშ-ს ელჩს შეუძლია საკმაოდ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, ისევე, როგორც ევროკავშირის ელჩებს”. – თქვა მან იპნ-სთან.
დევიდ კრამერი ასევე აცხადებს, რომ დასავლეთი, როგორც წესი, ერთპარტიულ პარლამენტს დემოკრატიად არ აღიარებს. შესაბამისად, თუ საქართველო ერთპარტიულ პარლამენტს მიიღებს, ეს ქვეყნის დემოკრატიულ პროგრესზე უარყოფითად აისახება.
“საქართველომ ბევრი გააკეთა ნატო-სა და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წინ წასაწევად: გარკვეულწილად, მეტი წვლილი შეიტანა ნატო-ს ოპერაციებში, ვიდრე ნატო-ს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ; ევროკავშირთან ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა და ვიზებილიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას 6-7 წლის წინ და ამ მიმართულებებით კარგ პროგრესს განიცდის.
მაგრამ დასავლეთში, როგორც წესი, დემოკრატიებად არ ვაფასებთ იმ ქვეყნებს, რომელთაც მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტი აქვთ. რუსეთშიც კი, დუმაში ერთზე მეტი პარტიაა. რა თქმა უნდა, თავს ვერ მოვაჩვენებთ, რომ რუსეთის პარლამენტი და რუსეთი დემოკრატიაა, ცხადია, ეს ასე არ არის. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა იქნება, რაც უნდა იყოს იმის კიდევ ერთი მიზეზი, რომ “ქართული ოცნება” და მთავრობა კომპრომისზე წავიდეს, აუცილებელი დებატები შედგეს. სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, “ქართულმა ოცნებამ” ზოგი კომიტეტის თავმჯდომარეობა ოპოზიციას უნდა მიანიჭოს იმის საჩვენებლად, რომ ისინი ცდილობენ, ერთად იმუშაონ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ”. – აცხადებს დევიდ კრამერი.