სანქციების ჯოჯოხეთი – რად უჯდება რუსეთს უკრაინაში შეჭრა

დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკვე დაწესებული საქნციები ვრცელდება როგორც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ სფეროზე, ისე ხელოვნებასა და სპორტზეც. ამ შეზღუდვებისა და აკრძალვების შინაარსი გამანადგურებელი ხასიათისაა და სხვადსხვა სფეროს სპეციალისტები უკვე პროგნოზირებენ სერიოზულ პრობლემებს რუსეთისათვის – რუბლის კატარსტროფული დევალვაციით დაწყებული და საავიაციო მიმოსვლის პარალიზებით დამთავრებული. რა ეფექტი ექნება ამას და საკმარისია თუ არა ეს ყველაფერი იმისათვის, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს?

რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის – სანქციების სრული ჩამონათვალი ასეთია:

გერმანიამ შეაჩერა გაზსადენ „ნორდსტრიმ-2″-ის სერტიფიცირება.

ევროკავშირმა შეწყვიტა ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის მიქირავებული ავიალაინერების ლიზინგი და 28 მარტამდე მოითხოვა ავიალაინერების დაბრუნება. საუბარია რუსული კომპანიების ფლოტის დაახლოებით 50%-ზე და ამან შესაძლოა რუსეთში ავიამიმოსვლის ნაწილობრივ პარალიზება გამოიწვიოს.

ყველა რუსულ ავიაკომპანიას აეკრძალა ფრენა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში.

„ინტელმა” და ARD-მა შეწყვიტეს რუსეთისთვის ინდუსტრიული პროცესორების მიწოდება, აშშ-ის მიერ დაწესებული საექსპორტო აკრძალვების ფარგლებში.

ყადაღა დაედო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ევროკავშირსა და აშშ-ში.

ყადაღა დაედო უმსხვილესი რუსული ბანკების, მათ შორის, „ვნეშეკონომბანკის”, „გაზპრომბანკის”, „ალფა-ბანკის” და „ვითიბის” აქტივებს აშშ-სა და ევროკავშირში. სანქცირებულ ბანკებს აეკრძალათ ოპერაციები დოლარებში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენაში.

გლობალური საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-მა შეწყიტა სანქცირებული რუსული ბანკების მომსახურება. სანქცირებული რუსული ბანკების კლიენტები ვეღარ ისარგებლებენ თავიანთი მასტერ-კარდის და და ვიზას ბარათებით რუსეთის საზღვრებს გარეთ. ამის პირველი შედეგი ისაა, რომ დღეს უცხოეთში მყოფი რუსები თავისი პლასტიკური ბარათებით ვეღარ სარგებლობენ – ვერც ნაღდ ფულს ხსნიან ბანკომატებიდან და ვერც რაიმეს შეძენას ახერხებენ ბარათით.

ყადაღა დაედო რუსი ოლიგარქების აქტივებს დიდ ბრიტანეთში. რომან აბრამოვიჩი იძულებული გახდა უარი ეთქვა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის” მფლობელობაზე.

შეიქმნა ტრანსატლანტიკური მიზნობრივი ჯგუფი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და იტალია), რომელიც მოიძიებს და დააყადაღებს რუსული პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის დაფარულ ანგარიშებს.

უმსხვილესი რუსული ბანკ „სბერბანკის” ანგარიშებს აშშ-ში ყადაღა დაედო.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, დაყადაღდა ვლადიმერ პუტინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვილავროვის აქტივები აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. ასევე რუსეთის პარლამენტის ყველა წევრს აეკრძალა ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა. ევროკავშირში შესვლა ასევე აეკრძალა საგარეო სამეთა სამინისტროს პრეს-მდივანს მარია ზახაროვას.

მედიასაშუალებებიდან კი გერმანიამ აკრძალა „რაშა თუდეის” მაუწყებლობა თავის ტერიტორიაზე. „ფეისბუკმა” და „იუთუბმა” რუსულ სამთავრობო მედიას, მათ შორის, „რაშა თუდეის”, აუკრძალეს რეკლამის მეშვეობით შემოსავლების მიღება. „ინსტაგრამმა” დაბლოკა ენეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვის ანგარიში. „იუთუბმა” დაბლოკა რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული არხი.

ევროკავშირში და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ რუსეთის მთავარ პროპაგანდისტებს – ვლადიმირ სოლოვიოვსა და მარგარიტა სიმონიანს.

კიბერ-შეტევების შედეგად მწყობრიდან გამოყავთ რუსეთის სამთავრობო საიტები, მათ შორის, პუტინის, მთავრობის და თავდაცვის სამინისტროს საიტები.

რაც შეეხება ხელოვნებას და სპორტს – ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლმა” აუკრძალა რუს დირიჟორ ვალერი გერგიევსა და პიანისტ დენის მაცუევს კონცერტების ჩატარება. მიუნხენის ბურგომისტრმა გერგიევს, რომელიც ამ ქალაქის ორკესტრის მთავარი დირიჟორია, მოსთხოვა 28 თებერვლამდე საჯაროდ გაემიჯნოს პუტინს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გერგიევს კონტრაქტს შეუწყვეტენ. ცნობისათვის, ვალერი გერგიევმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის დასრულების შემდეგ, ცხინვალში პროპაგანდისტული კონცერტი ჩაატარა.

„ევროვიზიამ” რუსეთს კონკურსში მონაწილეობა აუკრძალა.

რუსეთს სერიოზული შეზღუდვები უწესდება სპორტის სფეროშიც – უეფა-მ ჩემპიონთა თასის ფინალი პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა ყველა სპორტულ ფედერაციას რუსეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიების გაუქმება.

„ფორმულა 1″-მა გააუქმა რუსეთის რბოლა.

პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებმა უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვერ პლეი-ოფში რუსეთთან თამაშზე. გარდა ამისა, რუსეთთან თამაშზე ასევე წინასწარ უარი თქვა შვედეთის ნაკრებმა, რომელიც, შესარჩევი ტურნირის რეგლამენტის თანახმად, პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე პოლონეთი-რუსეთის წყვილის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.

რაგბის ევროპის კავშირმა რუსეთის ნაკრებს აუკრძალა მატჩების რუსეთში ჩატარება.

ჭადრაკის მსოფლიო გედერაციამ გააუქმა რუსეთში დაგეგმილი 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა.

ფრენბურთის ევროპულმა ფედერაციამ გააუქმა რუსეთში ჩასატარებელი ტურნირი.

და ბოლოს, მსოფლიოს უდიდესმა პორნო საიტმა „პორნჰაბმა” რუსი მომხმარებლებისთვის საკუთარ საიტებზე წვდომა დაბლოკა.

როგორც „ჯიპა”-ს ასოცირებული პროფესორი და საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და მათი გამკაცრების პარალელურად, აუცილებელია დასავლეთმა განაგრძოს და გააძლიეროს უკრაინის დახმარება. ხოლო როდის იქნება საკმარისი ეს სანქციები, ამას მხოლოდ რუსების მიერ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემდეგ გავიგებთ.

„რუსეთმა ომის გზა აირჩია, სამწუხაროდ მას ცივილიზებული ენა არ ესმის. ახლა მთავარი ისაა, რომ უკრაინელებს ამ მართლაც სამამულო ომში მაქსიმალური დახმარება ჰქონდეთ. ეს დახმარება უნდა გაიზარდოს. ამის პარალელურად უნდა გაიზარდოს რუსეთის მიმართ სანქციებიც. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი კვირიდან ერთიც იქნება და მეორეც. უკრაინის მიმართ დახმარება ყოველდღიურად იზრდება.

„რუსულ ძირითად ბაკნების „სვიფტ”-იდან ჩახსნის გადაწყვეტილება მიღწეულია, ტექნიკური პროცედურაა საჭირო და რამდენიმე დღეში ძალაში შევა. ამას პერსონალური სანქციების გამკაცრება დაემატება. დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების მესამე პაკეტს შემდეგ კვირაში ვიხილავთ, ამაზე მუშაობა ზუსტად ახლა მიდის, მათ შორის იმაზეა ლაპარაკი, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს ისეთი სანქციები დაეკისროს, რომ მან თავისი რეზერვების გამოყენება ვერ შეძლოს.

„მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთმა ამაში ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს და ამ დროს მთავარი არა მხოლოდ სანქციები, არამედ უკრაინის დახმარებაა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. გუშინ გერმანიამ ის შეზღუდვა მოხსნა, რომელიც ლეტალური იარაღის მიწოდებაზე იყო, უკრაინას იარაღს უკვე გერმანიაც აწვდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. ეს სანქციები კიდევ გაიზრდება.

„საქნციები და დახმარება – ესაა, რაც შეიძლება უკრაინისთვის გაკეთდეს. საკმარისი არ იქნება მანამდე, სანამ რუსეთი არ გაჩერდება. როცა გაჩერდება, მერე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმარისია. საკმარისი არაა, სანამ მიზანი არაა მიღწეული,” – განაცხადა ფხალაძემ.

რეზონანსი

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share