ექსპერტ, არჩილ გამზარდიას ის ოპოზიციონერები, რომლებიც პარლამენტში შესასვლელად სხვადასხვა მიზეზებს იგონებენ, სოლომონ მორბელაძეს ახსენებენ და მათ დროულად გონს მოგებას ურჩევს: “დავით კლდიაშვილის სოლომან მორბელაძე ხომ გახსოვთ? – აი, მაშვალ-შუამავალი რომ იყო და 6 თუმანს რომ ელოდა, 6 მანეთი კი მიიღო. ასე ნუ იქცევიან ჩვენი პოლიტიკოსები პოლიტიკურ სოლომან მორბელაძეებად. გაწბილებული სოლომანი ბოლოს ამბობს: “რითი გამოაქვთ თავი, მეტი გზა რომ აღარ აქვთ? ტყუილი, ტყუილი, ყოველ ნაბიჯზე ტყუილი და უპირულობა! რა გამოვიდა ორი თვის ჩემი წანწალიდან? მოვატყუეთ, მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ კარზე მომადგება კიდევ. საშველი თუ მაინც მოგვეცა როდისმე, რომ კაცური ცხოვრება გვეღირსოს… ღმერთო, ღმერთო!” ჰოდა, ჩემო პოლიტ სოლომან მორბელაძეებო, მოეგეთ გონს, სანამ დროა” – აღნიშნავს არჩილ გამზარდია და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს რამდენიმე პუნქტად უახლოეს სამოქმედო გეგმაზეც მიუთითებს: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ოპოზიციამ სამი რამე უნდა გააკეთოს: 1. ელჩებს გადაუხადოს მადლობა, აუხსნას რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და შეწყვიტოს “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციები. 2. პარლამენტის “შეკრებისთანავე” სამართლებრივად გააფორმოს პარლამენტში შეუსვლელობა, რომ დასრულდეს ინტერპრეტაციები ამ თემაზე. 3. პარლამენტის პირველ სხდომაზე ჩაატაროს ერთი თუნდაც სიმბოლური საპროტესტო მიზნობრივი აქცია, მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკოსების მონაწილეობით (და არა მხარდამჭერების). ეს შესაძლებელია მოხდეს პარლამენტის შენობასთან ან შენობაშიც, მაგრამ არა სხდომათა დარბაზში. შემდგომ კი უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გაძლიერების პროცესი გაზაფხულზე ფართო საპროტესტო კამპანიების ჩასატარებლად”-წერს გამზარდია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.