ასეთი ხელისუფლება ქვეყნის მართვას მესამე ვადით ვეღარ გააგრძელებს- უსუფაშვილი

პოლიტიკური პროცესიდან პოლიტიკა არის აბსოლუტურად განდევნილი – ჩვენ მივიღეთ უხეში მკლავჭიდი თუ კრივი რინგზე და ეს ვითარება ჩემთვის უმაღლესი რანგის ტრაგედიაა, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის “ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა ისეთი პარლამენტის შექმნა, რომელშიც მუშაობას აზრი აქვს და რომელიც ხალხის სასიკეთოდ იფუნქციონირებს.

“ჩვენმა ამომრჩევლებმა ხმა მოგვცა იმისთვის, რომ საკითხები მოვაგვაროთ. ყველას ამომრჩეველმა ხმა უკეთესობას მისცა. უნდა უზრუნველვყოთ უკეთესობა. ჩვენი პოზიციონირება პარლამენტთან დაკავშირებით ჩვენი ინსტრუმენტია, ჩვენი ამოცანა არ არის პარლამენტში არ შესვლა – ამოცანაა ისეთი პარლამენტის მიღება, რომელშიც მუშაობას აზრი აქვს, რომელიც იფუნქციონირებს ხალხის სასიკეთოდ. სამწუხაროდ, მივიღეთ ვითარება, როდესაც პოლიტიკური პროცესიდან პოლიტიკა არის აბსოლუტურად განდევნილი. ჩვენ მივიღეთ უხეში მკლავჭიდი თუ კრივი რინგზე. მივიღეთ ვითარება – ასე ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება. მესამე ვადით ასეთი ხელისუფლება ამ ქვეყნის მართვას ვეღარ გააგრძელებს. ეს ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც პიროვნებისთვის, როგორც მოქალაქისთვის უმაღლესი რანგის ტრაგედიაა, რაც ახლა ხდება ქვეყანაში. მე კი არ მიხარია, რომ ამაზე ვლაპარაკობ, მე კიარ მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტი შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით გამოჭენდეს, როგორც ერთპარტიული, მე კიარ მიხარია, რომ სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემა, შესაძლოა, დადგეს ამ პარლამენტის, სამწუხაროდ, მე არ დამრჩა არანაირი არგუმენტი, რომ ან ჩემს თავს ვუთხრა, ან ჩემს კოლეგებს, ან ჩემს ამომრჩევლებს ვუთხრა, რომ აი ამ გზით რამე უკეთესი იქნება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share