“ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად, ცივი წყალი გადაასხა მოლაპარაკების პროცესს”- ზაქარეიშვილი

დღეს ირაკლი კობახიძემ ამ გამოსვლით, პრაქტიკულად, ცივი წყალი გადაასხა მოლაპარაკების პროცესს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფლებამოსილების გაუქმებაზე საუბარი, ფაქტობრივად, ხარაკირია , – ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის მისამართით დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ლოგიკური იქნება, თუ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ თავისი გადაწყვეტილებები გააჟღერა, ოპოზიცია მოლაპარაკებების პროცესს აღარ გააგრძელებს.

„ნაციონალური მოძრაობისთვის” უფლებამოსილების გაუქმებაზე საუბარი აბსურდია, რა უფლებით აუქმებ და რა უფლებით შემოგაქვს კანონმდებლობა წამყვანი ოპოზიციური პარტიის გაუქმებაზე? ამდენ ხანს რატომ არ გააკეთე და ახლა რატომ აკეთებ?

ზოგადი შეფასება არის, რომ მათ პრაქტიკულად უარი თქვეს მოლაპარაკებებზე. მე, რომ ოპოზიციაში ვიყო, ამ განცხადების შემდეგ დავაყენებდი საკითხს რომ საერთოდ კონტაქტები არ გვქონდეს ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მაგრამ უნდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, არავითარი მეოთხე, მეხუთე თუ მეექვსე რაუნდი აღარ უნდა იყოს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთანავე, როგორც მან განმარტა, დათქმით, რომ თუ საგამოძიებო კომისია არჩევნების გაყალბების ფაქტს დაადასტურებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, „ქართული ოცნება“ საკუთარი თავისთვის იტოვებს გამოსავალს.

„ეს არის გამოსავალი არა კრიზისიდან, გამოსავალს იტოვებენ თავისი თავისთვის. ის, რომ 1%-ით გაყალბდეს არჩევნები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე რომ, თუ მოინდომებენ, ეს კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ 1%-ით გაყალბდა და თვითონ დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს. ის, რომ მათ შემოაქვთ ეს კომისია 1%-იანი დათქმით, რომ თუ 1% მაინც იქნება გაყალბებული, ჩვენ ვადამდელ არჩევნებს ჩავატარებთო, ნათელს ხდის, რომ ესენი დაელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები, თუ ჩიხში შევა, თუ ვერ მართავენ ერთპარტიული სისტემით, თუ აღმოჩნდება, რომ პარლამენტი პარალიზებულია და მთელი მსოფლიო იქნება მათ წინააღმდეგ, მაშინ კომისია იმუშავებს ბეჯითად და ერთ პროცენტს აღმოაჩენს. იტყვიან, რომ მათი პირობა შესრულებულია, აღმოჩნდა გაყალბება და ნიშნავენ ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share