საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „VTB ბანკთან” კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გენერალურ სპონსორთან, რუსულ კომპანია „VTB ბანკთან” კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაცია ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დაადასტურა.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას მუჯირმა უკრაინელი ხალხისადმი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ფედერაციამ ვადაზე ადრე დაასრულა რუსულ ბანკთან ურთიერთობა და უკვე აღებულია „VTB ბანკის” სარეკლამო ბანერებიც, რომლებიც სტადიონებზე იყო განთავსებული.

„VTB ბანკი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, უმკაცრესი სანქციები დაეკისრათ. მას ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ანგარიშები გაუყინეს, რითაც მძიმე ფინანსური დარტყმა მიაყენეს.

რუსეთის სიდიდით მეორე ბანკმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ბოლო ხელშეკრულება 2020 წლის სექტემბერში გააფორმა, ორი წლის ვადით და ამ კონტრაქტის თანახმად, “VTB ბანკი” გახდა ფედერაციის გენერალური სპონსორი. თანამშრომლობა მოიცავდა ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიების მხარდაჭერას. ამასთან ერთად, რუსული ბანკი საქართველოს ეროვნული, ყველა ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებების გენერალური სპონსორიცაა.

დავით მუჯირის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვინ გახდება ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share