ვუყურებ ამერიკის პრეზიდენტის ტრადიციულ მიმართვას ამერიკელი ხალხის მიმართ და მიჭირს დაჯერება, რომ ეს ტექსტი ამ ტრიბუნიდან მესმის. ძალიან ძლიერი გამოსვლაა. უკვე მჯერა, რომ პირადად პუტინის და პუტინის რუსეთის ეპოქა დასრულებულია. არც ეს ბოროტი, ბნელი ქვეყანა და არც მისი ლიდერი აღარ განიხილება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად. დღეიდან ამერიკის ცა ჩაიკეტა რუსული თვითმფრინავებისათვის. უკრაინელი ხალხის გასაოცარმა სიმამაცემ და მათი ლიდერის მშვიდმა, გონივრულმა პრინციპულობამ მსოფლიო შეძრა და ცვლილება აიძულა. რუსეთი საოცრად მწარე გაკვეთილს მიიღებს ყველა იმ ბოროტებისათვის, რომელიც თავისი უდანაშაულო მეზობლების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა. როგორც ჩანს, ამერიკამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. “თუ დიქტატორს არ შევაჩერებთ, ის გააგრძელებს წინსვლას” – ეს მხოლოდ წინადადება არ გახლავთ, ეს ვერდიქტია, განაჩენია, გამოტანილი თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს მიერ. დარწმუნებული ვარ, ამ გამოსვლას უსმენენ ალყაშემორტყმულ უკრაინულ ქალაქებში და მერე, გაათმაგებული შემართებით გააგრძელებენ ბრძოლას მტრის წინააღმდეგ. სიმამაცე, გონიერება და ღირსება – თუ ეს სამივე კომპონენტი ერთად არ ახლავს თავისუფლებისათვის ბრძოლას, ყველანაირი ძალისხმევა ამაოა. უკრაინელმა ხალხმა ეს შეძლო. უკრაინელი ერის საერთო გონმა და შემართებამ საოცრება მოახდინა და მსოფლიოს ჩაძინებული დემოკრატია გააფხიზლა. “მომდევნო დღეები მძიმე იქნება, მაგრამ უკრაინელი ხალხი არ დათმობს თავისუფლებას” – ეს წინადადება პირდაპირი მოწოდებაა, რომ უკრაინელებმა თამამად გააგრძელონ ბრძოლა. ამერიკის იუსტიციის სამინისტრო სპეციალურ ჯგუფს შექმნის, რომელიც გამოიძიებს პუტინის და მისი ოლიგარქების მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს; დაყადაღებული იქნება მათი ქონება მთელ მსოფლიოში. მადლობა უკრაინა! შენი დამსახურებაა, რომ ხვალ ახალი ეპოქა იწყება მსოფლიო პოლიტიკაში. შენ უკვე გაიმარჯვე! შენ ჩვენთვისაც გაიმარჯვე!
წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული